გიორგი გახარია - ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნება მკაცრად გაკონტროლდება
გიორგი გახარია - ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნება მკაცრად გაკონტროლდება

2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში, მოქალაქეზე უნდა იყოს ორიენტირებული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფაქტიურად უკვე მიმდინარეობს 2020 წლის ბიუჯეტის მოსამზადებელი სამუშაოები.

„მინდა, რამდენიმე სიტყვით გითხრათ იმ ძირითად პრინციპზე, რომელზეც ყურადღება თითოეულმა თქვენგანმა უნდა გაამახვილოს. 2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში, უნდა იყოს ორიენტირებული მოქალაქეზე და, რა თქმა უნდა, აუცილებლად ყველამ უნდა გავითვალისწინოთ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მეორე კომპონენტია ინფრასტრუქტურა.

„მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ინფრასტრუქტურა და ინფრასტრუქტურული ხარჯები, კაპიტალური ხარჯები ბიუჯეტში, რა თქმა უნდა, გაიზრდება. ესეც ძირითადად მიმართულია ჩვენი მოქალაქის მდგომარებაზე, ძირითადი საბაზისო ინფრასტრუქუტურის შექმნაზე. თუმცა ამას აქვს თავისი ეკონომიკური მნიშვნელობაც და ეკონომიკური ზრდისთვის არის ძალზედ მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს საკითხი მკაცრად გაკონტროლდება.

„ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ის, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნება, ესეც მკაცრად იქნება გაკონტროლებული“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

დატოვე კომენტარი