აკაკი ზოიძე - მეუფე იაკობმა გაუგონარი ამბები მოყვა
აკაკი ზოიძე - მეუფე იაკობმა გაუგონარი ამბები მოყვა

ეკლესია და სახელმწიფო არის გამიჯნული, სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმეებში, ისევე როგორც ეკლესია არ ერევა სახელმწიფოს საქმეებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ „ევროპული საქართველოს“ მიერ მეუფე იაკობის საქართველოს პარლამენტში დაბარებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„გაუგონარი ამბები მოყვა მეუფე იაკობმა. მე უფრო დავინტერესდებოდი, რამ აიძულა ასეთი ამბების მოყოლა. სწორედ ამ მიმართულებით მაქვს კითხვები. პირველ რიგში, წმინდა სინოდმა უნდა განიხილოს საქმე. რაც შეეხება ოპოზიციის შეთავაზებას პარლამენტში მეუფე იაკობის მოსვლაზე, ოპოზიციამ ოღონდ რამე გაასკანდალოს, მეტი არაფერი უნდათ. რა უნდა ისაუბროს პარლამენტში? პირველ რიგში სინოდზე ისაუბროს. ეკლესია და სახელმწიფო არის გამიჯნული, სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმეებში, ისევე როგორც ეკლესია არ ერევა სახელმწიფოს საქმეებში“,- განაცხადა ზოიძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, პარტია მეუფე იაკობს პარლამენტში იბარებს.

მეუფე იაკობმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. აღნიშნული განცხადება დღეს მან კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ამასთან, მეუფე იაკობი საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგა. როგორც მეუფემ აღნიშნა, დღეს სპეციალურად მივიდა საპატრიარქოში, რადგან პატრიარქისთვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა.