აკაკი ზოიძე - დედაქალაქსა და სხვა თვითმმართველობებში უნებართვო მშენებლობებზე განსხვავებული რეჟიმი იმოქმედებს
აკაკი ზოიძე - დედაქალაქსა და სხვა თვითმმართველობებში უნებართვო მშენებლობებზე განსხვავებული რეჟიმი იმოქმედებს

დედაქალაქსა და სხვა თვითმმართველობებში უნებართვო მშენებლობებსა და ნებართვის პირობების დარღვევაზე განსხვავებული რეჟიმი იმოქმედებს, – ამის შესახებ პირველ არხს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განუცხადა.

ზოიძე განმარტავს, რომ უკანონო მშენებლობასა და სანებართვო პირობების დარღვევაზე თბილისში ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება, ხოლო სხვა თვითმმართველობებში 3 ათასი ლარი.

„როცა სამშენებლო ობიექტზე დარღვევა იქნება, ჯარიმა 30 ათასამდე ჯარიმა იქნება გათვალისწინებული, მისი შეუსრულებლობა კი, 50 ათასამდე დაჯარიმდება. აქამდე 3 ათასი ლარი იყო. ჯარიმების თვალსაზრისით, თბილისს აქამდეც განსაკუთრებული რეჟიმი ჰქონდა. ახლა თბილისის მერია ინიციატივით გამოვიდა, რომ სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდეს, რადგან ყოველ დღე გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა და ასე არ შეიძლება. თუ მსგავსი ინიციატივა შესაბამისი თვითმმართველობებიდან იქნება, მხარს დავუჭერთ. იგივე ბათუმზეა საუბარი, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს”, – აღნიშნავს ზოიძე.

დეპუტატის ცნობით, ქვეყანაში შრომის უსაფრთხოებაზე კანონმდებლობა მთლიანად მკაცრდება.

„ახალ ცვლილებებზე შეხვედრები ყველა მხარესთან იყო. დიდი მშენებლობები და დიდი კომპანიები შრომის უსაფრთხოებას ისედაც იცავენ, პრობლემა ისაა, რომ ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი კომპანია წესებს არ იცავს და მუშები კეთილსინდისიერი მენაშენეებისგან ისეთ ობიექტებზე გადადიან, სადაც მოთხოვნა მკაცრი არ არის, რომ თუნდაც ჩაფხუტი გამოიყენონ. ამ შემთხვევაში წესი ყველასთვის ერთნაირი იქნება. წესების დარღვევისთვის საპატიმრო სასჯელი დღესაც გათვალისწინებულია, მაგრამ ძალიან იშვიათად გამოიყენება. სასამართლო პრაქტიკის გამკაცრება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რომ პირობითი სასჯელით და მხოლოდ სანქციით არ შემოიფარგლონ”, – განაცხადა ზოიძემ.

როგორც დღეს კახა კალაძემ აღნიშნა, მშენებლობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება. კერძოდ, მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 30 ათას ლარამდე გაიზრდება,  ხოლო მშენებლობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობა 50 ათასი ლარით დაჯარიმდება.