აკაკი ზოიძე - ჩემთვის პოლიტსაბჭოს წევრობა თვითმიზანი არ ყოფილა და არც მომავალში იქნება
აკაკი ზოიძე - ჩემთვის პოლიტსაბჭოს წევრობა თვითმიზანი არ ყოფილა და არც მომავალში იქნება

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ვიმსჯელეთ და შევთანხმდით პრინციპზე, რომ პარტიის პოლიტსაბჭოში უნდა იყოს აღმასრულებელი მდივნები, სპიკერატი პარლამენტიდან, ასევე ფრაქციის წარმომადგენლები, – ამის შესახებ დეპუტატმა აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომელიც პარტიის პოლიტსაბჭოს ახლანდელ შემადგენლობაშია, თუმცა ახალში არ იქნება.

ზოიძის თქმით, პოლიტსაბჭო პარტიის სტრატეგიულ კურსს განსაზღვრავს.

„ჩემთვის, ისევე, როგორც დანარჩენი ყოფილი წევრებისთვის, პოლიტსაბჭოს წევრობა თვითმიზანი არ ყოფილა დღეს და არც მომავალში იქნება.

პირველ რიგში, პოლიტსაბჭო განსაზღვრავს პარტიის კურსს, სტრატეგიულ კურსს და ამას აკეთებს პარტიის თავმჯდომარე. პარტიის თავმჯდომარისთვის ყველაზე მოქნილი სტრუქტურა უნდა შექმნილიყო და ამიტომ, შემცირდა პოლიტსაბჭოს წევრების რაოდენობა 15-მდე. ეს არის ის, რაზეც შევთანხმდით და არანაირი პიროვნული დისკუსიები ამ საკითხზე არ ყოფილა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ამასთან, მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელსაც ქვეყანაში ყველაზე მაღალი თანამდებობა უკავია, პოლიტსაბჭოს წევრად რჩება.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაასახელა. როგორც კალაძემ განაცხადა, პოლიტსაბჭოში 15 წევრი იქნება.

ამასთან, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი აღარ იქნება, მათ შორისაა აკაკი ზოიძეც.

ახალ პოლიტსაბჭოს 11 მაისს, პარტიის ყრილობაზე დაამტკიცებენ. ყრილობაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ.