აკაკი მინაშვილი - შსს-ს განცხადება არის შიშის გამოვლენა, კარგად ხვდებიან, რომ პროტესტი გაგრძელდება
აკაკი მინაშვილი - შსს-ს განცხადება არის შიშის გამოვლენა, კარგად ხვდებიან, რომ პროტესტი გაგრძელდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აკაკი მინაშვილის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ხელისუფლების მხრიდან შიშის გამოვლენაა.

მისივე თქმით, პროტესტი არაძალადობრივია, თუმცა მწვავე და გაგრძელდება, ვიდრე  ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები არ დაკმაყოფილდება.

„ეს არის შიში, რადგან ძალიან კარგად ესმის ხელისუფლებას, რომ პროტესტი არაძალადობრივია, მაგრამ მწვავე, არ გაჩერდება, ვიდრე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები არ დაკმაყოფილდება. ეს განცხადება არის შიშის გამოვლენა, ძალიან კარგად ხვდებიან, რომ პროტესტი გაგრძელდება. რაც შეეხება უკანონობას, ხედავთ, რომ არც ოპოზიცია, არც საქართველოს მოქალაქეები არ სჩადიან უკანონობას, პირიქით, შსს და ხელისუფლება თავად განასახიერებს უკანონობას.

რამდენიმე დღის წინ, როდესაც სუს-თან მიმდინარეობდა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, 50-მდე ადამიანი დააკავეს რამდენიმე წერტილში, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. დღეს ერთადერთი საყრდენი, რაზეც ხელისუფლება დგას, არის უკანონობა და ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. ხელისუფლება თუ არ წამოვა დათმობაზე და არ გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, ძალიან მალე მათი მმართველობა დასრულდება. ეს არის კანონზომიერება, რომელიც ჯერ კიდევ ისტორიულად ბევრჯერ არის დადგენილი. ხელისუფლებას არ აქვს მხარდაჭერა, არ გამოხატავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ნებას, ხელისუფლება აგრძელებს თავის ძალადობრივ ქმედებებს, დიდხანს ასე ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

აკაკი მინაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აქციები მთავარი საკითხების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.

„აქციები გაგრძელდება, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ის მთავარი საკითხი, რომელიც პირველ რიგში, ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და არა რომელიმე პარტიისთვის. ეს არის ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება ვადამდელი არჩევნების გზით. ვადამდელი არჩევნები არ უნდა იყოს ჩატარებული იმ გაყალბების ბერკეტებით, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“. ეს არის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში და მისი გათავისუფლება. ეს არის მნიშვნელოვანი, რათა ქვეყანა დამშვიდდეს და დაიწყოს განვითარება, ქვეყანაში უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა და შურისძიება“, – აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, შეკრების მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისთვის. უწყების ცნობით, ამავე კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა. უწყებაში განმარტავენ, რომ კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი მყისიერად იქნება აღკვეთილი და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ 15 ნოემბერს, 14:00 საათზე შეიკრიბებიან მეტრო „ავლაბართან“, რის შემდეგაც გაიმართება მსვლელობა და გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე.

დატოვე კომენტარი