აკაკი მინაშვილი - ნიკა მელიას სწრაფად გათავისუფლება იქნება მთავარი საკითხი, რომელსაც ჩვენ დავსვამთ, მელია უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან
აკაკი მინაშვილი - ნიკა მელიას სწრაფად გათავისუფლება იქნება მთავარი საკითხი, რომელსაც ჩვენ დავსვამთ, მელია უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დღევანდელი განცხადებებიდან გამომდინარე, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით რაიმე სახის მოლოდინებზე საუბარი ძალიან რთულია.

„დილიდან განცხადება გააკეთა ჯერ პრემიერმა ღარიბაშვილმა, შემდეგ მომლაპარაკებელმა კობახიძემ. როგორც კარგად გამოჩნდა, ისინი არ არიან მზად, გადადგან ნაბიჯი, რათა ქვეყანაში კრიზისი იქნას გადაწყვეტილი, ისინი არ ფიქრობენ ჩვენი ქვეყნის ბედზე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათი მთავარი საფიქრალი არის საკუთარ თავზე და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე ზრუნვა“, – აღნიშნა მინაშვილმა.

მინაშვილის თქმით, იმ ფონზე, როდესაც პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია არის დაკავებული, სრულფასოვან მოლაპარაკებებზე საუბარი რთულია.

„ამიტომ მთავარი საკითხი, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნება დასმული, იქნება ის, რომ სწრაფად გათავისუფლდეს ნიკა მელია, რადგან ის უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდაზე, ის არის პარტიის ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღები. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მკაფიოდ ავუხსნა, მესმის წუხილები, რომელიც არის საზოგადოებაში, რომ პოლიტიკოსები სხედან, რაღაც თემებზე საუბრობენ, ნაწილი საკითხების არის დაფარული, ნაწილი არ არის ცნობილი მოსახლეობისთვის, ამ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების საზრუნავია, ჩვენ ვნახოთ გზა, ყველაზე ეფექტური და სწრაფი გზა, რომ ქვეყანა გამოვიდეს მძიმე მდგომარეობიდან, ქვეყანაში მოხდეს აუცილებელი ცვლილებები და ადამიანებს შეეძლოთ კარგად ცხოვრება ამ სახელმწიფოში. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ჩვენი საფიქრალი არც ერთ შემთხვევაში არ არის რაიმე სახის სავარძლები ან სკამები პარლამენტში. მთავარი მიზანი არის ნორმალურად, მშვიდობიანი გზით განხორციელდეს ქვეყანაში ცვლილებები და ამ ცვლილებებმა მოიტანოს სასიკეთო ძვრები ჩვენი ქვეყნისთვის. ამისთვის პირველ რიგში აუცილებელი და მთავარია, რომ პოლიტპატიმრები იყვნენ გარეთ და ქვეყანაში შეწყდეს პოლიტიკური დევნა, რომ აღდგეს გარკვეული ნდობა მხარეებს შორის, რომლებიც გააგრძელებენ შემდგომ მოლაპარაკებას“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ამ წუთები „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებს ხვდება.