კრისტიან დანიელსონი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებს ხვდება
კრისტიან დანიელსონი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ამ წუთები „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმართება. როგორც შეხვედრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ეს არის კიდევ ერთი შანსი, რომ მიაღწიონ ისტორიულ შეთანხმებას, რომელიც ქვეყანას უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანს.

მისივე შეფასებით, ოპოზიციამ დღემდე ყველაფერი გააკეთა, რომ მიეღწიათ კომპრომისისთვის და შეთანხმება შემდგარიყო.

„ყველას გვესმის, რომ ეს არის კიდევ ერთი შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, მივაღწიოთ ისტორიულ შეთანხმებას, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან და ეს არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მოლოდინი. ოპოზიციამ დღემდე ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ მიგვეღწია კომპრომისისთვის და შეთანხმება შემდგარიყო. მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე, სამწუხაროდ, ხელისუფლების პოზიციამ შეუძლებელი გახადა პროგრესი და რაიმე შეთანხმებაზე საუბარი. დღეს მოვედით პირველ რიგში იმისთვის, რომ მოვისმინოთ, როგორ განახლდა ხელისუფლების პოზიცია მას შემდეგ, რაც მათ ძალიან მკაფიო გზავნილები მიიღეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირებისგან, რომ შეთანხმებას ელოდება როგორც ბრიუსელი, ასევე ვაშინგტონი. ამიტომ შეხვედრამდე მეტს ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა პუნქტი, რომელიც არის აღწერილი მიშელის მიერ დადებულ გეგმაში. ყველა ამ პუნქტზე ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს იმისთვის, რომ ვისაუბროთ შეთანხმების შესაძლებლობაზე. რა სივრცე არის შეთანხმებისთვის, ეს უკვე გამოჩნდება მედიატორთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ.

არ ვაპირებ, ახლა, მედიატორთან შეხვედრის წინ საჯარო სივრცეში პასუხი გავცე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დღეს გაჟღერებულ გზავნილებს. სწორედ იმიტომ ვმონაწილეობთ მედიაციის პროცესში, რომ ველოდებით, მათ შორის მედიატორებისგან, შემოგვთავაზონ, როგორ ხედავენ ისინი შესაბამის განვითარებას შეთანხმების მიღწევის მიმართულებით ხელისუფლების წარმომადგენლებთან დღევანდელი და არაერთი შეხვედრის შემდეგ. მოდით, ამ შეხვედრის წინ ნუ შევალთ დისტანციურ პოლემიკაში მმართველ გუნდთან. ჩვენი პოზიციები ცნობილია, რომ პოლიტპატიმრები, ნიკა მელია და გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდნენ, ქვეყანაში უნდა შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული მართლმსაჯულების აღსრულება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზა საბოლოოდ არის ვადამდელი არჩევნები. არსებობს სხვადასხვა გზა, მათ შორის, დიახ, კომპრომისული წინადადებები, რომელიც არაერთხელ დააყენა ოპოზიციამ, რათა მივიდეთ იმ წერტილამდე, რასაც ჰქვია პოლიტიკური კრიზისის საბოლოო განმუხტვა. შეხვედრამდე არ ვაპირებ, ვუპასუხო არც ბატონი კობახიძის და მმართველი გუნდის არც ერთი სხვა წარმომადგენლის საჯარო განცხადებებს, ჩვენ ველოდებით მედიატორისგან ინფორმაციას და შესაძლო შეთანხმების კონტურს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, შეთანხმება მათი გულწრფელი სურვილია.

„მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო და ვუთხრა საზოგადოებას, რომ ჩვენი გულწრფელი სურვილია, შეთანხმება შედგეს და ჩვენი ქვეყანა გამოვიდეს ამ უმძიმესი კრიზისიდან შეთანხმების გზით, რადგან ეს სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს“, – დასძინა სალომე სამადაშვილმა.