აკაკი მინაშვილი - მთავარი სანერვიულო და საზრუნავი ამ ეტაპისთვის გადაწყდა სასიკეთოდ, რის გამოც ვწყვეტთ შიმშილობას
აკაკი მინაშვილი - მთავარი სანერვიულო და საზრუნავი ამ ეტაპისთვის გადაწყდა სასიკეთოდ, რის გამოც ვწყვეტთ შიმშილობას

პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შიმშილობა შეწყვიტეს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა, გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მიხეილ სააკაშვილის თანხმობა გორის ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით.

„ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადება, სადაც სააკაშვილმა ძალიან მკაფიოდ და ნათლად განაცხადა, რომ ის თანახმაა, გადავიდეს გორის ჰოსპიტალში და წყვეტს შიმშილობას. აქედან გამომდინარე, ის მთავარი სანერვიულო და საზრუნავი საკითხი, რომელიც ჰქონდა თითოეულ ჩვენგანს, რაზეც ძალიან ვნერვიულობდით, რადგან ეს ეხებოდა ჩვენი პარტიის ლიდერის და ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ამ ეტაპისთვის გადაწყდა სასიკეთოდ. ასე რომ, ჩვენ ვწყვეტთ შიმშილობას.

პოლიტიკური ბრძოლის ამ ეტაპზე ეს არის წარმატება, რაც მოიტანა იმ პრინციპულობამ, შეუპოვრობამ, შემართებამ, რაც მთელმა საზოგადოებამ, მთელმა საქართველომ გამოიჩინა ბოლო პერიოდის განმავლობაში. პირველ რიგში, ყველაზე დიდი წვლილი ამ წარმატებაში აქვს მიხეილ საკააშვილს, თავისი გამბედაობის და ბრძოლის მაგალითით. მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ელენე ხოშტარიას, პაატა ბურჭულაძეს, რომელიც არის საქართველს სახე ქვეყნის გარეთ. განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს მასშტაბით შიმშილობდნენ და გამოხატავდნენ სოლიდარობას პრეზიდენტის მიმართ. მადლობა ექიმებს, მედიკოსებს, ვინც მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებისა, დაშინების და ზეწოლის მცდელობებისა, ობიექტურად და მიუკერძოებლად შეაფასეს ვითარება“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

აკაკი მინაშვილის თქმით, მიუხედავად წარმატებისა, ეს ბრძოლის დასასრული არ არის, არამედ ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადადიან.

„მიუხედავად წარმატებისა, ეს არ არის ბრძოლის დასასრული. ჩვენ გადავდივართ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, ვიტყოდი, მთავარ და გადამწყვეტ ეტაპზე, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ცვლილებები, რეფორმები და ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფლად იცხოვრონ საქართველოში. ვადამდელი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს სამართლიან გარემოში, ამისთვის ბრძოლა გრძელდება. სააკაშვილისთვისაც პრიორიტეტი არის, ქვეყანაში განხორციელდეს ცვლილებები. მისთვის მთავარი არ არის, რომელ საპყრობილეში იქნება. ყველა ჩვენგანის მთავარი მიზანია, პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება არაძალადობრივი მეთოდებით, მაგრამ ძალიან მწვავე საპროტესტო მეთოდებით. ჩვენ ვართ გზაგასაყარზე და რამდენიმე თვეში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რა მიმართულებით წავა ჩვენი ქვეყანა, წავა დასავლური მიმართულებით, თუ დარჩება რუსული გავლენის ქვეშ. ამიტომ თითოეული ადამიანის აქტიურობა, ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

აქვე უნდა აღვნიშნო სახალხო დამცველის ძალიან დიდი როლი, ვიტყოდი, გადამწყვეტი როლი ადამიანების უფლებების დაცვაში. ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტია, რომელიც დარჩა მიუკერძოებელი და ამაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ლომჯარიას. არ დავმალავ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო ნიჰილიზმი, უიმედობა, ახლა ამისი დრო არ არის. ამ წარმატების შემდეგ ჩვენ მეტი შემართებით, ენერგიით უნდა შევუდგეთ ბრძოლას და მივაღწიოთ წარმატებას, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ელენე ხოშტარიას გარდა, პარლამენტში კიდევ ცხრა დეპუტატი შიმშილობდა. მიხეილ სააკაშვილის მიერ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანხმობის შემდეგ, ყველა მათგანმა შიმშილობა შეწყვიტა.