აკაკი მინაშვილი - არავინ იფიქროს, რომ თავს დაიძვრენს პასუხისმგებლობისგან
აკაკი მინაშვილი - არავინ იფიქროს, რომ თავს დაიძვრენს პასუხისმგებლობისგან

ხელისუფლება თუ უმოკლეს ვადაში არ გადაიყვანს მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში, ეს კიდევ ერთხელ მკვლელობის მცდელობა და შავი ლაქა იქნება „ქართული ოცნების“ ზურგზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არავინ უნდა იფიქროს, რომ თავს დაიძვრენს პასუხისმგებლობისგან.

„თქვენ მოისმინეთ კვალიფიციური, ავტორიტეტული ექიმების განცხადება. მათ თქვეს, რომ ძალიან რთულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და აუცილებელია მისი გადაყვანა სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც ყველა შესაძლებლობა და რესურსია, რომ მისი მკურნალობა გააგრძელონ. ეს ძალიან ცალსახა პოზიცია იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ხელისუფლება მას უმოკლეს ვადაში არ გადაიყვანს, ეს კიდევ ერთხელ მკვლელობის მცდელობა იქნება. ეს ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა და შავი ლაქა იქნება „ქართული ოცნების“ ზურგზე და თითოეულ მის წარმომადგენელზე. არავინ იფიქროს, რომ თავს დაიძვრენს პასუხისმგებლობისგან“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

მან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ის „საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე შეფასებაა“.

„მთელი თავისუფალი სამყარო, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან მკაფიოდ გამოხატავენ საკუთარ პოზიციას და გუშინ ამის დამაგვირგვინებელი ელემენტი იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მკაფიო და ნათელი განცხადება. ამ განცხადებაში წერია, რომ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა. ასევე, წერია, რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია. რა არის ეს რეკომენდაცია, სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფმა ძალიან მკაფიოდ და ღიად თქვა, რომ უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში. ასევე, ამ განცხადების ძალიან მნიშვნელოვანი პასაჟია, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა მიეცეს. ყოველგვარი რეზერვაციებისა და დამატებითი კითხვების გარეშე, მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დასწრების უფლება უნდა მიეცეს. ეს ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე შეფასებაა“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.