აკაკი ბობოხიძე - ადამიანებს მიტინგში მონაწილეობისკენ რომ მოვუწოდო, უნდა ვიცოდე, ვინ არის აქციაზე პასუხისმგებელი
აკაკი ბობოხიძე - ადამიანებს მიტინგში მონაწილეობისკენ რომ მოვუწოდო, უნდა ვიცოდე, ვინ არის აქციაზე პასუხისმგებელი

მას შემდეგ, რაც გაირკვევა, რომელ პარტიათა გაერთიანებაა აქციების ორგანიზატორი, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მასში თანამონაწილეობის შესახებ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომელმაც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე კონსულტაციები დატოვა.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მიტინგის ორგანიზატორები არ ვართ. დღეს აქ შეკრებილები არიან პარტიები, რომლებიდანაც გაირკვევა, ვინ იღებს პასუხისმგებლობას მიტინგის ორგანიზატორობაზე. როგორც კი გაირკვევა, რომელი პარტიათა გაერთიანება არის მიტინგის ორგანიზატორები, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მასში თანამონაწილეობის შესახებ“, – აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოსთვის“ მნიშვნელოვანია, აქციის ორგანიზატორი მათთვის მისაღები პოლიტიკური ძალა იქნება თუ მიუღებელი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, მკაფიოდ გამოიკვეთოს მიტინგის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირი. იმისთვის, რომ მე ადამიანებს მოვუწოდო მიტინგში მონაწილეობის მიღებისკენ, უნდა ვიცოდე, ვინ არის პასუხისმგებელი, ვისი პასუხისმგებლობის ქვეშ მომყავს ჩემი თანამებრძოლები. მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს, ამ წუთში ხდება მიტინგის ორგანიზატორების გარკვევა, რადგანაც ნამდვილად გვაქვს გადაწყვეტილი, რომ არ ვართ ორგანიზატორებში, ამიტომ არ მაქვს უფლება, ვესწრებოდე. დღეს წყდება და იმედი მაქვს, გადაწყდება იმ პოლიტიკურ პარტიათა გაერთიანება, ვინც იქნება პასუხისმგებელი“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების კონსულტაციები გრძელდება. როგორც პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, შეხვედრაზე გადაწყდება, რუსთაველის გამზირზე აქცია დღეს გაგრძელდება თუ კვირას.