Airbnb-ზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მდებარე ბინები კვლავ ხელმისაწვდომი იქნება
Airbnb-ზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მდებარე ბინები კვლავ ხელმისაწვდომი იქნება

Airbnb-ზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მდებარე ბინები და სახლები კვლავ ხელმისაწვდომი იქნება. გადაწყვეტილება ონლაინპლატფორმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

Airbnb-ს განცხადების ძირითად ნაწილში საუბარია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაწილის ტერიტორიაზე, სადაც განთავსებული ობიექტები წინა გადაწყვეტილებით ასევე წაიშალა.

პორტალის ცნობით, ბინების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი გადაეცემა არამომგებიან ორგანიზაციებს, რომლებიც მსოფლიოში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით არიან დაკავებულნი. შესაბამისად, Airbnb სადავო რეგიონებში მდებარე ობიექტების გაქირავებისგან მიღებულ შემოსავალზე უარს ამბობს.

„მსგავსი მიდგომა იქნება გამოყენებული სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განთავსებულ ობიექტებთან მიმართებაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სახლებისა და ბინების ინტერნეტით გაქირავების სერვისმა Airbnb-მ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდებარე სახლები ვებგვერდიდან რამდენიმე თვის წინ წაშალა.