აჰმედ ალ შარა - სირიაში ახალი არჩევნები შესაძლოა, ოთხ წელში ჩატარდეს
აჰმედ ალ შარა - სირიაში ახალი არჩევნები შესაძლოა, ოთხ წელში ჩატარდეს

სირიაში ახალი არჩევნები შესაძლოა, ოთხ წელში ჩატარდეს, – ამის შესახებ სირიის დე ფაქტო მმართველმა, აჰმედ ალ შარამ განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დე ფაქტო მმართველის თქმით, ახალი კონსტიტუციის შემუშავებას შესაძლოა, სამი წელი დასჭირდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ სირიელებმა შეიძლება, ერთი წლის შემდეგ დაიწყონ მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და საჯარო სერვისების გაუმჯობესების დანახვა.

ალ შარას განცხადებით, სირიას სჭირდება სამართლებრივი სისტემის აღდგენა და ლეგიტიმური არჩევნების ჩასატარებლად მოსახლეობის საყოველთაო აღწერა.

რაც შეეხება „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის“, რომელიც ოდესღაც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და „ალ ქაიდასთან“ იყო დაკავშირებული და გაერო-სა და მრავალი ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, დე ფაქტო ლიდერის თქმით, ის დაიშლება მომავალ ეროვნული დიალოგის კონფერენციაზე, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.

შეგახსენებთ, რომ სირიაში პრეზიდენტის, ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, „ჰაიათ თაჰრირ აშ შამი“ ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს. მსოფლიოში დიდია ინტერესი იმის შესახებ, თუ როგორი იქნება სირიის ახალი მმართველობა.