მარკ რუტე აცხადებს, რომ ლისაბონი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს შორეულ და არცთუ ისე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, პორტუგალიური მხარე რუტეს განცხადებას სამწუხაროს უწოდებს

11:58, 11.11.2026

პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკრიტიკებს ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს, რომელმაც განაცხადა, რომ ლისაბონი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს შორეულ და არცთუ ისე მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

„პოლიტიკოს“ ცნობით,  გასულ კვირას რუტემ ნიდერლანდების ტელეარხთან, Dutch TV-სთან  განაცხადა, რომ სამხრეთ ევროპის ქვეყნები, როგორებიცაა ესპანეთი და პორტუგალია, რუსეთის აგრესიას შორეულად მიიჩნევენ.

„ზოგჯერ ჩვენს მოკავშირეებს ესპანეთში ან პორტუგალიაში, რომლებიც ამბობენ, რომ ეს შორს არის და რუსეთში მიმდინარე მოვლენები ძირითადად პოლონეთს ეხება, ვეუბნები, რომ რუსეთის უახლეს რაკეტებს ლისაბონამდე მისაღწევად ხუთი წუთით მეტი სჭირდება, ვიდრე ვარშავამდე“, – განაცხადა რუტემ.

პასუხად, პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებებს „სამწუხარო“ უწოდა.

„პორტუგალიას, მის მთავრობას და ხალხს არასდროს შეჰპარვიათ ეჭვი, ისტორიის რომელ მხარეს დგანან. სამწუხაროა, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი ასეთ სერიოზულ საკითხზე ასე მსუბუქად საუბრობს“, – ნათქვამია პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მათივე თქმით, რუტემ „უნდა გაიგოს, რომ ქვეყნები და მთავრობები, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას და სრულად აცნობიერებენ რუსეთის მხრიდან წარმოდგენილ საფრთხეს, არ შეიძლება, იგნორირებული იყვნენ“.

„პოლიტიკოს“ ცნობით, კილის ინსტიტუტის უკრაინის მხარდაჭერის მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ ესპანეთმა უკრაინას 1.5 მილიარდი ევროს სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გამოუყო, რაც მისი მშპ-ის 0.2%-ს შეადგენს. პორტუგალიამ 390 მილიონი ევრო გამოყო, მშპ-ის 0.18% .

ამასთან, 2026 წლის გაზაფხულზე ჩატარებული ევრობარომეტრის გამოკითხვის თანახმად, პორტუგალიაში გამოკითხულთა 92% რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას ევროკავშირის უსაფრთხოების საფრთხედ მიიჩნევდა, იმავეს ფიქრობს ესპანეთში გამოკითხულთა 82%.

მსგავსი