„ესოშიეითიდ პრესი“ – ესპანეთში საყოველთაო გაფიცვა იმართება, მოსალოდნელია, რომ გაფიცვაში მილიონობით დასაქმებული მიიღებს მონაწილეობას
ესპანეთში ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველი საყოველთაო გაფიცვა იმართება. როგორც „ესოშიეითიდ პრესი“ წერს, გაფიცვა 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება და მოსალოდნელია, რომ საყოველთაო გაფიცვაში მილიონობით დასაქმებული მიიღებს მონაწილეობას.
გაფიცვა ქვეყნის ორი უმსხვილესი პროფკავშირის – მუშათა კომისიების (CCOO) და მშრომელთა გენერალური კავშირის (UGT) მიერაა ორგანიზებული. მათ მოთხოვნებს შორისაა საცხოვრებლის გაძვირების შეჩერება, მოიჯარეთა უფლებების უკეთ დაცვა, ხელფასების ზრდა და საცხოვრებელი ხარჯების გაძვირების წინააღმდეგ ზომების მიღება.
მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ გაფიცვა გავლენას მოახდენს ტრანსპორტის, მომსახურებისა და სხვა სექტორების მუშაობაზე. გაფიცვამ, შესაძლოა, შეფერხებები გამოიწვიოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე შეაფერხოს ან დროებით შეაჩეროს საწარმოებისა და მაღაზიების მუშაობა.
გაფიცვის ოფიციალური სლოგანია: „ხელფასები, საცხოვრებელი, ფასები“.
საცხოვრებლის კრიზისით გამოწვეული უკმაყოფილება სექტემბერში მადრიდში ხანდაზმული ქალის სახლიდან გამოსახლების შემდეგ გამწვავდა. მომხდარს ესპანეთის მასშტაბით მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გადაწყვიტა.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, 2015-დან 2025 წლამდე ესპანეთში საცხოვრებელი სახლების საშუალო ფასი 80%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც ხელფასების ზრდამ მხოლოდ 30% შეადგინა.