აღმოსავლეთ აფრიკაში კალიების შემოსევა კაცობრიობას გამაფრთხილებელ შეტყობინებას უგზავნის — #1TVმეცნიერება
აღმოსავლეთ აფრიკაში კალიების შემოსევა კაცობრიობას გამაფრთხილებელ შეტყობინებას უგზავნის — #1TVმეცნიერება

კორონავირუსი აღმოსავლეთ აფრიკის ერთადერთი გასაჭირი როდია. გლობალური პანდემიის ფონზე, მსოფლიოს ამ რეგიონის მოსახლეობა კიდევ ერთ წარმოუდგენლად სერიოზულ საფრთხეს ებრძვის — კალიებს.

ერთ-ერთი ყველაზე ტენიანი წლების შემდეგ, ეს გაუმაძღარი მწერები 2019 წლიდან ძალას იკრებენ, რადგან ამინდი მათ სწრაფი გამრავლების საშუალებას აძლევს.

ტრილიონობით კალიისგან შემდგარი ჯგუფები ანადგურებენ უძვირფასეს საძოვრებსა და ნარგავებს; კალიების ეს შემოსევა ერთ-ერთი ყველაზე უარესია ამ რეგიონში ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ვრცელდება კენიიდან ეთიოპიამდე, იემენამდე და ჩრდილოეთ ინდოეთამდეც კი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ბევრი სამართლიანად შიშობს შიმშილისა და ეკონომიკის ნგრევის შესახებ, ენტომოლოგი დინო მარტინსი კალიების ამ ხროვებს უფრო ისე უყურებს, როგორც გაცილებით ეგზისტენციალურ გაფრთხილებას ბუნების მხრიდან.

„არსებობს ისეთივე საზარელი და დრამატული მესიჯი, როგორიც თავად ისინი არიან — ეს გახლავთ მესიჯი, რომ ჩვენ ვცვლით გარემოს“, — ამბობს მარტინსი.

მარტინსი ჩრდილოე კენიაში, მპალას კვლევით ცენტრში მუშაობს და როგორც აღნიშნავს, ამის კითხვაც კი აღარ არსებობს, რომ ადგილობრივი გარემოს დეგრადაცია, საძოვრების ზედმეტად გადაძოვა, დეფორესტაცია და გაუდაბნოება კალიების გამრავლებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.

კალიების პირველი დიდი გუნდები გასული წლის ბოლოს გამოჩნდნენ, უჩვეულოდ თბილი და ნოტიო ამინდის შემდეგ; მათი რაოდენობა ასობით მილიარდს შეადგენდა. 2020 წლის აპრილში ცა უკვე შემდეგმა თაობამ დააბნელა, ამჯერად ტრილიონობით კალიამ. ივლისში მეცნიერები მესამე თაობას ელოდებიან და მათი რაოდენობა ამჯერად გაცილებით დიდი იქნება.

„ეს მოძრავი გუნდები მართლაც უჩვეულო სანახაობაა. ახალგაზრდა კალიები უფრო მოვარდისფრო არიან, ზრდასრულები კი ყვითელი ხდებიან. როდესაც ისინი შენ გარშემო ფრენენ, ხედავ ვარდისფერ და ყვითელ მოზუზუნე ფრთებს, გრძნობ ნიგვზის მსგავს სუნს და ირგვლივ დაგტრიალებს მრავალი ფრინველი, რომლებიც ამ კალიებს ჭამენ“, — ამბობს მარტინსი.

დღესდღეობით ამ მწერებს ძირითადად აკონტროლებენ პესტიციდებით, ვერტმფრენით ზემოდამ მოფრქვევის გზით. თუმცა, ამას თან ახლავს არასასურველი შედეგები ადამიანისა და გარემოს ჯანმრთელობაზე.

კლიმატის ცვლილება ცვლის ამინდის მახასიათებლებს და მსოფლიოს ამ რეგიონში იწვევს უფრო მეტ წვიმას, რაც ხელს უწყობს კალიების რაოდენობის ზრდას.

არიზონის უნივერსიტეტის „კალიების გლობალური ინიციატვის“ მკვლევრის, რიკ ოვერსონის განცხადებით, გამოსავლის ძიებისას ამჟამად არჩევანი ძალიან ცოტა გვაქვს და საბოლოოდ მხოლოდ დავიღლებით.

„ძნელია შეინარჩუნო დაფინანსება და პოლიტიკური ნება, განავითარო ცოდნა და შესაძლებლობები, როდესაც შენ წინაშეა ასეთი არაპროგნოზირებადი ბუმი და გაძლიერებული ციკლები, რომლებიც წლიდან წლამდე იზრდება“, — ამბობს ოვერსონი.

მისივე თქმით, სასწრაფოდ საჭიროა ჩამკეტი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და თუკი ამას დროულად არ მივხედავთ, მუდამ ამ სიტუაციაში ვიქნებით.

სხვათა შორის, ამ რეგიონში პესტიციდებით ნახევარი მილიონ ჰექტარზე მეტი დაამუშავეს; აშშ-ის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცნობით, ამ ნაბიჯმა საბაზისო მოთხოვნისათვის საჭირო მარცვლეული შეუნარჩუნა დაახლოებით 8 მილიონ ადამიანს.

თუმცა, პესტიციდებით მიწის დიდი ნაწილის დამუშავება საშინელებაა ბიომრავალფეროვნებისთვის. კალიებს რომ თავი დავანებოთ, უნდა გავითვალისწინოთ სხვა ცხოველები. ფერმერული მეურნეობის ზრდასთან ერთად, იზრდება პესტიციდების გამოყენებაც.

გერმანიის მაქს პლანკის ქიმიის ეკოლოგის, ბილ ჰენსონის განცხადებით, იგი შიშობს, რომ ამ პროცესში ჩვენ სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მწერებს დავხოცავთ, მაგალითად, ფუტკრებს.

კალიების კონტროლის მცდელობას კვლავ ძირს უთხრის ძლიერი წვიმები. FAO-ს დირექტორის, ქუ დონგუის განცხადებით, ეს ბრძოლა ხანგრძლივია და სულ ახალ-ახალ ზონებში ვრცელდება. მისივე თქმით, გამარჯვების გამოცხადება ჯერ ადრეა, რადგან ამ მასშტაბის გუნდების შთამომავლობის დამარცხება რამდენიმე თვეში შეუძლებელია.

იგი შიშობს, რომ კალიებმა და COVID-19-მა ერთად, შეიძლება, კატასტროფული შედეგები მოიტანოს ადგილობრივთათვის საარსებო საშუალებების თვალსაზრისით.

დედამიწის მეორე მხარეს, კალიების გიგანტურ გუნდს ებრძვის არგენტინაც. არსებობს საშიშროება, რომ იქიდან ეს მწერები შეიჭრან პარაგვაიში, ურუგვაისა და ბრაზილიაშიც. ექსპერტთა აზრით, ეს მოვლენაც კლიმატის ცვლილებასთან არის დაკავშირებული.

2020 წელი კალენდრიდან ნამდვილად ამოსაშლელია.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.