აღმოჩენილია პულსარი, რომელიც გალაქტიკაში 1130 კმ/წმ სიჩქარით გადაადგილდება
აღმოჩენილია პულსარი, რომელიც გალაქტიკაში 1130 კმ/წმ სიჩქარით გადაადგილდება

მრავალი ვარსკვლავი მშვიდად, გაწონასწორებულად უვლის გარშემო გალაქტიკის ცენტრს. თუმცა, ამას ვერ ვიტყვით ვარსკვლავზე, სახელად PSR J0002+6216. როგორც ასტრონომებმა გაარკვიეს, ირმის ნახტომში ის აბსოლუტურად რეკორდული სიჩქარით დაჰქრის.

უფრო კონკრეტულად, გალაქტიკაში ის 1130 კმ/წმ სიჩქარით გადაადგილდება. შედარებისათვის — დედამიწიდან მთვარემდე მისასვლელად მას სულ რაღაც 6 წუთი დასჭირდებოდა. წარმოადგენს ერთ-ერთ უსწრაფეს ვარსკვლავს ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.

გარდა ამისა, PSR J0002+6216 უბრალოდ მომაჯადოებელიცაა — გადის სუპერნოვას აფეთქების შედეგად წარმოქმნილი უზარმაზარი ღრუბლიდან და გზადაგზა კუდს ტოვებს.

PSR J0002+6216 პულსარის ტიპის ნეიტრონული ვარსკვლავია. ნეიტრონული ვარსკვლავი არის მასიური ვარსკვლავის აფეთქების შედეგად დარჩენილი ბირთვი, რომელსაც წარმოუდგენლად დიდი სიმკვრივე აქვს.

პულსარი თავის მხრივ არის ძლიერ მაგნეტიზებული ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელიც საკუთარი ღერძის გარშემო ექსტრაორდინარული სიჩქარით ბრუნავს, რა დროსაც გამოყოფს ელექტრომაგნიტური რადიაციის ჭავლებს. შესაბამისი პოზიციის შემთხვევაში, რადიაციის ეს ჭავლები დედამიწიდანაც ჩანს და მათ ერთგვარი კოსმოსური შუქურების სახით ვხედავთ.

აშშ-ის ეროვნული რადიოასტრონომიის ობსერვატორიის ასტრონომის, ფრენკ შინცელის განცხადებით, წვრილი კუდისა და ხედვის ხელსაყრელი კუთხის წყალობით, შესაძლებელი ხდება ამ ვარსკვლავის მარშრუტისა და მისი დაბადების ადგილის განსაზღვრა.

PSR J0002+6216 მდებარეობს ჩვენგან 6500 სინათლის წლის მანძილზე, კასიოპეას თანავარსკვლავედის მიმართულებით, სუპერნოვას ნარჩენ CTB 1-დან 53 სინათლის წლის მოშორებით. მისი კუდი რადიოსპექტრში დაიმზირება და ივრცობა 13 სინათლის წლის მანძილზე, სუპერნოვას ნარჩენების გარე საფარსა და ვარსკვლავს შორის.

ასტროფიზიკოს მეთიუ კერის განცხადებით, პულსარის მოძრაობის გაზომვამ აჩვენა, რომ ის ამ ნარჩენების შუაგულშია დაბადებული, იქ, სადაც სუპერნოვა აფეთქდა.

მკვლევართა აზრით, სუპერნოვას ეს აფეთქება ასიმეტრიული უნდა ყოფილიყო და სწორედ მას უნდა გაეტყორცნა პულსარი კოსმოსში მაღალი სიჩქარით.

ჯგუფმა დაადგინა ისიც, რომ ეს აფეთქება 10 000 წლის წინ მოხდა. სუპერნოვას „ბუშტის“ კიდეზე PSR J0002+6216 დაახლოებით 5 000 წლის წინ აღმოჩნდა.

ასტრონომ დეილ ფრაილის განცხადებით, აფეთქების ნარჩენები სუპერნოვას ნაშთში თავდაპირველად სწრაფად ივრცობოდა, გადაადგილდებოდა პულსარზე უფრო სწრაფად. თუმცა, ვარსკვლავთშორის სივრცეში იქ არსებულ მატერიასთან შეხვედრის გამო, ნარჩენების სიჩქარე დაეცა, პულსარმა კი მოძრაობა იგივე სიჩქარით განაგრძო.

პულსარი იმდენად სწრაფად მიჰქრის, რომ საბოლოოდ ის ირმის ნახტომს დატოვებს და სვლას გალაქტიკათშორის სივრცეში განაგრძობს.

აღსანიშნავია, რომ ასტრონომებს აღმოჩენილი აქვთ ამაზე უფრო სწრაფად მოძრავი ნეიტრონული ვარსკვლავებიც. მათ შორის უსწრაფესია ვარსკვლავი სახელად RX J0822-4300, რომელიც წამში 1500 კილომეტრის სიჩქარით გადაადგილდება.

მიუხედავად ამისა, ზემოთხსენებული პულსარი მაინც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია, რადგან როგორც წესი, პულსართა საშუალო სიჩქარე 240 კმ/წმ-ია. გარდა ამისა, ის შეიცავს მკაფიო ნიშნებს დაბადების ადგილის შესახებაც. ამის გამო, ეს აღმოჩენა ასტრონომთათვის უმნიშვნელოვანესია, რადგან შესაძლებელი ხდება გაარკვიონ ის დინამიკა, რომელმაც ვარსკვლავი კოსმოსში ასეთი წარმოუდგენელი სისწრაფით გატყორცნა.

ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, კოლაფსის პროცესში მყოფი ვარსკვლავის არასტაბილურობამ წარმოქმნა ნელა მოძრავი მატერიის რეგიონი, რომელმაც ნეიტრონული ვარსკვლავი გრავიტაციულად მიიზიდა თავისკენ და წარმოქმნა აჩქარება.

ასტრონომები კვლევას აგრძელებენ და იმედოვნებენ, რომ აღნიშნავენ, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა ბრწყინვალე შანსია სუპერნოვას აფეთქებებისა და პულსარების უკეთ შესასწავლად.

მომზადებულია public.nrao.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი