აფრიკის თასის ფინალში სენეგალი და ალჟირი ითამაშებენ
აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშებაში ფინალისტები გამოვლინდნენ. 19 ივლისს, გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს შეხვდებიან სენეგალისა და ალჟირის ნაკრებები.
პირველ ნახევარფინალში სენეგალმა დამატებით დროში მოუგო ტუნისს – 1:0. 75-ე წუთზე ანგარიში შეეძლო გაეხსნა ტუნისის ნაკრების ნახევარმცველ ფერჯანი სასის, მაგრამ 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა. ხუთი წუთის შემდეგ, პენალტი უკვე ტუნისის კარში დაინიშნა, მაგრამ ანრი სევეც არაზუსტი იყო.
გადამწყვეტი გოლი მე-100 წუთზე გავიდა. ტუნისის ნაკრების მცველმა დილან ბრონმა საკუთარ კარში გაიტანა და სენეგალს ფინალის საგზური აჩუქა.
მეორე ნახევარფინალში ალჟირმა ნიგერია დაამარცხა – 2:1.
ანგარიში მე-40 წუთზე გაიხსნა – ავტოგოლი გაიფორმა ნიგერიელმა ვილიამ ტროსტ-ეკონგმა. 72-ე წუთზე პარტნიორის შეცდომა გამოასწორა ოდიონ იგალომ – მან პენალტი ზუსტად შეასრულა. აქაც მატჩი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, როცა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა რიად მაჰრეზმა 95-ე წუთზე ეფექტური ჯარიმით მოაგებინა ალჟირს.