აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი გადაიხადეს
აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი გადაიხადეს

აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი გადაიხადეს, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის წევრები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრნენ.

„25 წელი გავიდა, რაც ​აგრესორმა საქართველოს ძირძველი მიწები ჩამოაჭრა. მჯერა, შორს არაა ის დღე, როცა ჩვენი მოსახლეობა კვლავ დაბრუნდება მშობლიურ მხარეში. ამ მხრივ მნიშვნელოვანი გზავნილია ამერიკის მთავრობისა და კონგრესმენების მხარდაჭერა, მოწოდება, რომ რუსული ოკუპაცია უნდა დასრულდეს და რუსულმა მხარემ ჯარი გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღეს აფხაზეთის დღე აღინიშნება. 23 მაისი – მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აფხაზეთის დღედაც გამოაცხადა. აფხაზეთობა 2014 წლიდან აღინიშნება.

აფხაზეთობის აღნიშვნა წელს 21 მაისიდან დაიწყო. ეროვნულ არქივში გაიმართა ფოტოგამოფენა, სახელწოდებით „აქ ჩვენ ერთად ვართ“. ასევე, აფხაზეთის თემაზე მოეწყო კონფერენცია.

აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით დღეს კიდევ რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.