ადვოკატი ე.წ. მატროსოვის ციხეში ივერი მელაშვილს შეხვდა
დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდა. ადვოკატის განცხადებით, ივერი მელაშვილი უკვე გაეცნო საქმეში არსებულ საქმის ძირითად მასალებს.
ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, პროკურატურამ გადასცეს 200 000-იანი რუკის ასლი და აღნიშნულ რუკას ბრალდებული გაეცნოს.
ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.
„პროკურატურა არ გვაძლევს რუკების ასლებს, ეს არის საკვანძო რუკები, რომელზე წვდომაც უნდა ჰქონდეს ბრალდებულს. ეს არის ის 200 000-იანი რუკები, რომელსაც ატრიალებს, როგორც ბრალდება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები და ამბობენ, რომ ამ რუკებს თითქოს ვინმე მალავდა. ამ რუკების გადმოცემაზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან და არღვევენ საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, ასევე ივერი მელაშვილის დაცვის უფლებას.
რაც შეეხება ივერი მელაშვილის დამოკიდებულებას ამ საკითხზე, მან ძირითადი მასალები ნახა და აქვს სურვილი ამ რუკებთან მიმართებით უშუალო კომუნიკაციის დროს აგვიხსნას, რატომ არ დაეთანხმა კომისია და რატომ გადაწყვიტა კომისიამ, რომ ეს რუკები არ იყო ვარგისი მოლაპარაკების პროცესში. ამ რუკების ივერი მელაშვილთან შეტანა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ეს რუკები უნდა იყოს იმავე ზომის, იმავე ფერის, ასლის ფორმით უნდა გადმოგვცენ, რომ აგვიხსნას მისი პოზიცია ცხადად. რაც უფრო მეტად ვეცნობით საქმეს, ეს აბსურდულობა კიდევ უფრო ცალსახა ხდება“, – აცხადებს ედუარდ მარიკაშვილი.