ადვოკატის ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები სამსახურში დააკავეს
თბილისში, დიდი დიღომში კორპუსის აფეთქების საქმეზე დაკავებული თორნიკე ტატიშვილის ადვოკატი თამარ ჯაფარიძე აცხადებს, რომ დაკავებულებს ბრალი ჯერ არ წარდგენიათ.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები სამსახურში დააკავეს.
მისივე თქმით, საქმის მასალებს, დაკითხვის ოქმებს ჯერ არ გაცნობია, ამიტომაც დეტალებზე ვერ საუბრობს.
ადვოკატის განცხადებით, გამოძიება დოკუმენტაციას ახლა ამზადებს.
დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე დღეს „ყაზტრანსგაზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები არიან „ყაზტრანსგაზის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები – 1957 წელს დაბადებული ვ.მ. და 1991 წელს დაბადებული თ.ტ., რომლებიც 2019 წლის 16 იანვარს აღნიშნულ მისამართზე, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, კორპუსის მცხოვრებლების გამოძახების შედეგად მივიდნენ.