ადვოკატის ინფორმაციით, ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე უარს ამბობს და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვას ითხოვს
ადვოკატის ინფორმაციით, ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე უარს ამბობს და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვას ითხოვს

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე არ მივიდა.

როგორც გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა საქართველოს პირველ არხს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ცოტა ხნის წინ ჩაბარდა უწყება. ასევე, ადვოკატის ინფორმაციით, ნიკა გვარამია სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვას ითხოვს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ნიკა გვარამია დაკითხვაზე დღეს, 16:00 საათზე დაიბარა.

არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაბარება ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საკითხს ეხება.

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით იყო დაგეგმილი. ლიკვიდაციას კი რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვასამბეკ ბოკოვი დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და მოუწოდებენ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

„მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს გაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.