ადვოკატის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ანგარიშების დაყადაღების განჩინებას 48-საათიან ვადაში გაასაჩივრებენ
ადვოკატის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ანგარიშების დაყადაღების განჩინებას 48-საათიან ვადაში გაასაჩივრებენ

„თიბისი ბანკიდან“ ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მათი ანგარიშების დაყადაღების განჩინებას 48-საათიან ვადაში გაასაჩივრებენ, – ამის შესახებ ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ადვოკატი აცხადებს, რომ ყადაღის შესახებ განჩინებას დასაბუთებული ნაწილი არ გააჩნია.

„ზოგადად, როცა რაიმე იურიდიულ დოკუმენტს ასაჩივრებ, ასაჩივრებ მის არგუმენტაციას და დასაბუთებას. ასეთი ნაწილი განჩინებას არ გააჩნია. ასევე ყადაღა მოთხოვნილია წილობრივი მონაწილეობის შესაბამისად, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არავითარ თაღლითობას და ფულის გათეთრებას ადგილი არ აქვს, არამედ საქმე გვაქვს სესხთან, რადგან სწორედ წილების შესაბამისად მოხდა სესხება იმის გამო, რომ ამ წილების შესაბამისადვე დაფარულიყო კაპიტალის შესავსები გამოყენებულო თანხა. უბრალოდ წარმოუდგენელია და ახალი სიტყვაა კრიმინოლოგიაში, როცა ფულის თაღლითობით დაუფლება და გათეთრება ხდება წილების შესაბამისად“, – აცხადებს ზვიად კორძაძე.

ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებასაც ასაჯაროებს, რომლის მიხედვით, პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ხაზარაძისა და ჯაფარიძის ანგარიშებს ყადაღა დაედო.

„პროკურატურის ლოგიკით, ფული უკანონოდ, თაღლითური გზითაა წამოღებული ,,თიბისი ბანკიდან“ და ამ დროს დაზარალებულად არავინაა ცნობილი. საინტერესოა, დაზარალებულის არარსებობის დროს, ვისთვის აყადაღებს და აგროვებს ფულს სასამართლო, მაშინ, როცა არც კი განმარტავს სსსკ 151-ე მუხლით გათვალისწინებული რამდენიმე შემთხვევიდან რომელთან გვაქვს საქმე, ამ ნორმას რომ იყენებს“, – აცხადებს ზვიად კორძაძე.

განჩინების დოკუმენტში მითითებულია, რომ სხვადასხვა ბანკში, ყადაღა დაედო მამუკა ხაზარაძის ანგარიშებზე არსებულ 11 323 188 დოლარს და ბადრი ჯაფარიძის 5 340 812 დოლარს.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშებს ყადაღა პროკურატურის მოთხოვნითა და სასამართლოს განჩინებით 20 აგვისტოს დაედო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ივლისს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობისგარეშე. მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.