ადვოკატის ინფორმაციით, დავით კირკიტაძისთვის ბრალის წარდგენის ვადა ხვალ, 17:00 საათზე იწურება
ადვოკატის ინფორმაციით, დავით კირკიტაძისთვის ბრალის წარდგენის ვადა ხვალ, 17:00 საათზე იწურება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძისთვის ბრალის წარდგენის ვადა ხვალ, 17:00 საათზე იწურება, – ამის შესახებ პირველ არხს ადვოკატმა ბაადურ გულიაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ბრალის წარდგენის შემდეგ, ჩაინიშნება სასამართლო პროცესი, სადაც კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

ბაადურ გულიაშვილი არ ფლობს ინფორმაციას, გეგმავენ თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გურჯაანის სასამართლოსთან აქციის გამართვას.

ადვოკატმა დავით კირკიტაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოინახულა.

„დღეს რამდენჯერმე ვიყავი შესული პოლიციის დეპარტამენტში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კირკიტაძე შიმშილობას აგრძელებს, მაგრამ თავს მხნედ გრძნობს“, – განაცხადა ბაადურ გულიაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. 

ამასთან, დავით კირკიტაძესთან ერთად პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დღეს კიდევ ერთი პირი დააკავეს. 

კირკიტაძე 16 დეკემბერს გურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში მონაწილეობდა.