ადვოკატის განცხადებით, დღეს გური ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ. ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილში
ადვოკატის განცხადებით, დღეს გური ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ. ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილში

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის მთავარი მოწმე, გური ამირხანაშვილი ამოცნობის პროცედურაზე არის დაბარებული.

ადვოკატის ინფორმაციით, მან უნდა ამოიცნოს საქმეში ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ. ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილში.

ამირხანაშვილი ჯერჯერობით უწყებაში არ გამოჩენილა. შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე მივიდა ბრალდებულ ზ.ხ.-ს უფლებადამცველი.

გიორგი გელხაურის განცხადებით, შეუძლებელია, მოწმემ ბრალდებული ვერ ამოიცნოს.

„დღეს ტარდება ამოცნობის პროცედურა, სადაც გური ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს ზ.ხ. და განცდა იმისა, რომ ამირხანაშვილი მას ვერ ამოიცნობს, არავის გვაქვს, რადგან დაახლოებით 40 დღეა გასული მას შემდეგ, რაც ის შემთხვევა მოხდა. თუმცა ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან, მივიღოთ ნებისმიერ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა და ხელი შევუწყოთ გამოძიებას, რომ წარიმართოს სრულყოფილად. ამოცნობა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. არავის სჯერა, რომ დღემდე ამირხანაშვილი ვერ ნახავდა მის ფოტოსურათს და არ იცოდეს, როგორ გამოიყურება. ჩვენ ნებაყოფლობით მივეცით ექსპერტიზისთვის მასალები გამოძიებას, გამოიკითხა არასრულწლოვანიც მიუხედავად იმისა, რომ მისგან იძულებით აიღეს ჩვენება. ასევე, მინდა, მივმართო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, დროულად გამოავლინოს ის მოძალადე პოლიციელი, რომელმაც იძალადა არასრულწლოვანზე. ჩემთვის საეჭვოა სისხლის სამართლის საქმე, მისი მიმდინარეობა. უამრავი შეკითხვა გვაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

ამოცნობის საკითხზე მედიასთან ასევე ისაუბრა ბრალდებულ ზ.ხ.-ს მამამ.

„შეიძლება, თავისივე მეგობრებმა სცემეს, რადგან არ მიეხმარა მათ ჩხუბში, აშველებდა და შემდეგ გაიქცა. რა თქმა უნდა, ამირხანაშვილი ჩემს შვილს ამოიცნობს, ის ჩემი შვილის მანქანაში იყო, როდესაც ჩამოიყვანეს. ჩემი შვილი ყვება, რომ აგარაკზე მისვლის შემდეგ გადავიდა მანქანიდან, სხვა ბიჭები გაიქცნენ და სად გაიქცნენ, ვერ დაინახა. გური ამირხანაშვილი უკანა გზაზე ნახეს. უყვებოდა, ის ბიჭი საერთოდ არაფერ შუაში იყოო და ნერვიულობდა. თუ ოჯახს აწყობს, რომ უდანაშაულო ხალხი დაისაჯოს, კი, ბატონო, მაგრამ ოჯახმა უნდა იპოვოს ის, ვინც მართლა დააშავა“, – აღნიშნა თამაზ ხომასურიძემ.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე 17 პირია დაკავებული.

დატოვე კომენტარი