ადვოკატი – თემურ აბაზოვისთვის აღკვეთის ღონისძიებად 10 000-ლარიან გირაოს მოვითხოვთ
თემურ აბაზოვისთვის აღკვეთის ღონისძიებად 10 000-ლარიან გირაოს მოვითხოვთ, – ამის შესახებ მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატმა ზვიად ასათიანმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, სადაც თემურ აბაზოვისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
ადვოკატის თქმით, საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ თემურ აბაზოვი დამნაშავეა.
მისი თქმით, არსებობს ერთადერთი მოწმის ჩვენება, ის თავად დაზარალებული ელჩინ ალახვერდიანია. ზვიად ასათიანის თქმით, ალახვერდიევი მერის მიმართ განაწყენებული იყო, რადგან სამსახური სთხოვა და მან თხოვნა არ დაუკმაყოფილა.
ზვიად ასათიანი არ გამორიცხავს, რომ ეს იყო პირადი შურისძიება.
ადვოკატის თქმით, მარნეულის ყოფილი მერი ბრალს არ აღიარებს და აღნიშნავს, რომ მზად არის თემურ აბაზოვმა გამოძიებასთან ითანამშრომლოს. მისივე თქმით, აბაზოვმა დნმ-ის ანალიზის აღების საშუალება მისცა და გამოძიებას გადასცა საკუთარი ტელეფონიც.
მარნეულის ყოფილ მერ თემურ აბაზოვს ბრალი დღეს წარუდგინეს.
მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გუშინ ბრალდებულად დააკავა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ.