ადვოკატი - თემურ აბაზოვის საქმეზე საპროცესო შეთანხმება ამ ეტაპზე არ განიხილება
რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის საქმეზე მორიგი წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომას მოსამართლე ქეთევან ლუაშვილი უძღვებოდა. სხდომაზე დღეს ექსპერტ-კრიმინალისტები და ექიმ-ფსიქიატრი დაკითხეს.
„დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა, ექსპერტები, რომლებმაც მოცემულ საქმეზე ჩაატარეს ფსიქოლოგიური, ბიოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზა. მათ მთლიანად დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სინამდვილე. მათი ჩვენებები ბრალდების მხარისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან მტკიცებულებებს“, – განაცხადა საქმის პროკურორმა გიორგი ლობჯანიძემ.
კითხვაზე, ადასტურებენ თუ არა ბრალდებულის ოჯახის წევრების მიერ პირად საუბრებში გავრცელებულ ინფორმაციას აბაზოვის შესაძლო საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, პროკურორმა განმარტა: „ჩვენთვის ცნობილია, რომ ბრალდებულს სურს, აწარმოოს მოლაპარაკება, თუმცა ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა. ოფიციალურად არ მოუმართავთ“.
ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი აცხადებს, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზით უდაოდ დადასტურდა გარემოება, რომ ჭიქაზე, რომელზეც აღმოჩნდა ელჩინ ალახვერდიევის შარდი, არ არის თემურ აბაზოვის ბიოლოგიური მასალა.
„მისი გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ასევე, დაიკითხა სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, რომელმაც განაცხადა, რომ შესაძლოა, ბატონ ელჩინ ალახვერდიევს თერთმეტშიც მიეღო მოცემული სისხლნაჟღენთი, რომელიც აღენიშნებოდა მარცხენა ყურზე.
ამ ეტაპზე, საპროცესო შეთანხმება არ განიხილება. თუმცა სამართლებრივად უფლება აქვს, როგორც ბრალდებას, ისე დაცვას, დადოს საპროცესო შეთანხმება. ჯერჯერობით, აღნიშნული საკითხი ბატონ თემურთან არ განგვიხილავს“, – განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.
თემურ აბაზოვის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 13 დეკემბერს განახლდება.
მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ მარნეულის ყოფილ მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმე თემურ აბაზოვის მიმართ საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით არის აღძრული, ხოლო ამავე საქმეზე ბრალდებულების ა. ალახვერდიევის, ა.სულეიმანოვის და ე. გულიევის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1.1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არის აღძრული.