ადვოკატი - სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის განცხადებები ეკა გიგაურის მიმართ ცილისწამება იყო
ადვოკატი - სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის განცხადებები ეკა გიგაურის მიმართ ცილისწამება იყო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის ადვოკატ თეონა ზაქარაშვილის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“-ს  ხელმძღვანელ გურამ ადამაშვილის წინააღმდეგ გიგაურის სარჩელზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეცვალოს.

კერძოდ, ადვოკატის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ გოგა ხაინდრავამ და გურამ ადამაშვილმა ეკა გიგაურის პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვის მიზნით, ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთეს.

„დღეს სააპელაციოში განიხილება ჩვენი სააპელაციო საჩივარი. ვფიქრობთ, უნდა გაუქმდეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დღეს სააპელაციო სასამართლომ უნდა თქვას, რომ გოგა ხაინდრავამ და გურამ ადამაშვილმა ნამდვილად ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთეს, რომელიც მიმართული იყო ეკა გიგაურის პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის. რაც მთავარია, აღნიშნული განცხადებების კვლავ წარმოება ხდება, ანუ დღეს ფორმალური თუ არაფორმალური მმართველები ისევ იმეორებენ იგივე ცილისმწამებლურ განცხადებებს, რაც თავის დროზე ხაინდრავამ და ადამაშვილმა გააკეთეს“, – განაცხადა თეონა ზაქარაშვილმა.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგ ეკა გიგაურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ვერც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვერ ვკითხულობთ და მან დადგენილად მიიჩნია, რომ ეკა გიგაურს არანაირი წვლილი არ მიუძღვის არცერთ იმ ბრალდებაში, რომელსაც ხაინდრავა და ადამაშვილი უყენებს. მთავარია, რომ ეს განცხადებები, ცილისწამება უნდა იქნას ცნობილი და შესაბამისად, ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს“, – აღნიშნა ადვოკატმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მოპასუხეებმა ეკა გიგაური დაადანაშაულეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლის წახალისებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან კუჭავამ ეკა გიგაურის საჩივარი არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო განცხადებას არ გააჩნია ცილისწამებად კვალიფიკაციის ელემენტი. სასამართლომ გიგაურის მისამართით გაკეთებული განცხადებები ჩათვალა შეფასებით მსჯელობად და აზრის გამოხატვად. ეკა გიგაურმა საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გოგა ხაინდრავამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ცამდე მართალია: „ეკა გიგაური რომ „ნაციონალებთან“ ერთად აჯილდოებდა ჯალათებს, ადამიანებს, ვინც სისხლის გუბეები დააყენა საქართველოში, ამას ადასტურებს მისი დღევანდელი საქმიანობა“.