გოგა ხაინდრავა - რას წარმოადგენს ეკა გიგაური, რამდენად პოლიტიკურად ანგაჟირებულია მისი საქმიანობა, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე მისი გამოსვლებით დასტურდება
გოგა ხაინდრავა - რას წარმოადგენს ეკა გიგაური, რამდენად პოლიტიკურად ანგაჟირებულია მისი საქმიანობა, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე მისი გამოსვლებით დასტურდება

ცამდე მართალი ვარ, ეკა გიგაური რომ „ნაციონალებთან“ ერთად აჯილდოებდა ჯალათებს, ადამიანებს, ვინც სისხლის გუბეები დააყენა საქართველოში, ამას ადასტურებს მისი დღევანდელი საქმიანობა, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, ეკა გიგაური ემსახურება ძალებს, რომლებიც საქართველოში დესტაბილიზაციას იწვევენ.

„ეს პროცესი გასცდა საქართველოს ფარგლებს, ეს პროცესი ეხება ფსევდოლიბერალურ ორგანიზაციებს საზღვარგარეთ, ვინც აფინანსებს კაპიტანი გიგაურისნაირ გავლენიან აგენტებს, რომელიც თავისი საქმიანობით, დაპირისპირებასა და დესტაბილიზაციას ცდილობენ საქართველოში. ეს ადამიანები ემსახურებიან ძალებს, ვინც მილიონობით დოლარით აფინანსებენ და ეს იწვევს საქართველოში დესტაბილიზაციას“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, რას წარმოადგენს გიგაური და რამდენად პოლიტიკურად ანგაჟირებულია მისი საქმიანობა, დასტურდება გამოსვლებით იმ მიტინგებზე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აწყობს.

„მინდა, მივმართო დელია ფერეირა რუბიოს, რომელიც არის „საერთაშორისო გამჭირვალობის“ ხელმძღვანელი. ეს პროცესი ჩემთვის არის მათი პროცესიც, ეს არის აბსოლუტური შეუწყნარებელი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. დროს არ დავკარგავდი გიგაურის საქმიანობაზე, რომ არა ჩემი დამოკიდებულება და ჩემი მცდელობა, რომ ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, ვისთან აქვს საქმე, რას წარმოადგენს ეს ქალბატონი რუბიო და მისნაირები მსოფლიოში. მე ცამდე მართალი ვარ. ის, რომ გიგაური „ნაციონალებთან“ ერთად აჯილდოებდა ჯალათებს, ადამიანებს, ვინც სისხლის გუბეები დააყენა საქართველოში, ამას ადასტურებს მისი დღევანდელი საქმიანობა, აქტიურობა პოლიტიკურად ანგაჟირებულ მიტინგებზე, რომელიც „ნაცების“ მიერ არის მოწყობილი, ესეც მაგ მოძრაობის წევრია და ყოველთვის იყო“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ამასთნ, მისივე თქმით, ცილისწამების დამადასტურებელია ის ანგარიშიც, რომელიც „საერთაშორის გამჭვრვალობა – საქართველომ“ გააკეთა  “მერსედესის“ საქმეზე და, რომლითაც ცილი დასწამეს გარდაცვლილ ადამიანს, კახი ასათიანსა და მის ოჯახს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მოპასუხეებმა ეკა გიგაური დაადანაშაულეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლის წახალისებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან კუჭავამ ეკა გიგაურის საჩივარი არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო განცხადებას არ გააჩნია ცილისწამებად კვალიფიკაციის ელემენტი. სასამართლომ გიგაურის მისამართით გაკეთებული განცხადებები ჩათვალა შეფასებით მსჯელობად და აზრის გამოხატვად. ეკა გიგაურმა საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.