ადვოკატი - სააკაშვილის პროცესი 3 იანვრისთვის ტექნიკური შეფერხების გამო გადაიდო
ადვოკატი - სააკაშვილის პროცესი 3 იანვრისთვის ტექნიკური შეფერხების გამო გადაიდო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესი ტექნიკური შეფერხების გამო 3 იანვრისთვის გადაიდო. მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ პეჩერსკის რაიონული სასამართლოდან კიევის სააპელაციო სასამართლოში მასალების გადაგზავნა ვერ მოესწრო.

„პროცედურის თანახმად, მთელი მასალა უნდა გადმოეცეს ქალაქ კიევის სასამართლოს. მოგეხსენებათ, რომ ეს მასალა ძალიან დიდია. მტკიცებულებები, რომელიც 11 დეკემბერს წარმოვადგინეთ, აგრეთვე ამ მასალაშია. შესაბამისად, სასამართლოზე გადაწყდა, რომ პროცესი 3 იანვრამდე გადაედოთ. ვფიქრობ, ეს დრო საკმარისი იქნება იმისათვის, რომ პეჩერსკის რაიონული სასამართლოდან მასალები კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაეცეს.“ – განაცხადა რუსლან ჩერნოლუცკიმ.

კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა გადაიდო. სააპელაციო სასამართლოს დღეს გენერალური პროკურატურის საჩივარი უნდა განეხილა. სხდომა 3 იანვარს ჩატარდება.