ადვოკატი - როდესაც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები ადგილზე მივიდნენ, გიორგი შაქარაშვილი იქ აღარ იყო, მათ სურდათ, დახმარებოდნენ მეგობრებს ინტელექტუალურად
ადვოკატი - როდესაც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები ადგილზე მივიდნენ, გიორგი შაქარაშვილი იქ აღარ იყო, მათ სურდათ, დახმარებოდნენ მეგობრებს ინტელექტუალურად

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი ორი ახალგაზრდის ადვოკატი აცხადებს, რომ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში მსხდომებს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებზე საზოგადოებაში ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. მისი თქმით, ავტომობილი, რომელშიც სპორტსმენები ისხდნენ, ადგილზე მოგვიანებით მივიდა და სწორედ ამ ავტომობილში მსხდომებმა თბილისამდე ჩამოიყვანეს შაქარაშვილის მეგობარი გური ამირხანაშვილი.

„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და საქართველოს, რადგან ძალიან კარგი ადამიანი დაკარგა ქვეყანამ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მდგომარეობა სტრესულია, მათი ოჯახის წევრები ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიან იმ პირობებში, როცა მათი ბრალეულობა ნულის ტოლია. როგორც იცით, ერთ-ერთმა მოწმემ, ფოტოგრაფმა ისაუბრა, რომ როდესაც ერთ-ერთი მანქანა გაჩერდა, ამასობაში შემთხვევის ადგილიდან გაიქცა ორი ადამიანი გაიქცა. ადგილზე სულ იყვნენ ექვსნი, ხოლო იმ ორიდან ვინც გაიქცა, ერთ-ერთი იყო თავად გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი. ხელკეტი ახსენა მან, თურმე ერთ-ერთ მყოფს მოხვდა იქ. თუ მისი ლოგიკით ვისაუბრებთ, გამოდის, რომ როდესაც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები ჩნდებიან ამ საქმეში „ტოიოტას“ მარკის“ ავტომობილით, გიორგი იქ არ იმყოფება. ანუ ვერსია, რომ მათ გიორგი ნახეს ბოლოს, არ შეესაბამება სიმართლეს. არანაირი ბრალეულობა იმ ბიჭების, რომლებიც „ტოიოტაში“ ისხდნენ, არ იკვეთება. ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან სრულყოფილად. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს ჰქონდათ დახმარების სულისკვეთება, სურდათ, დახმარებოდნენ მათ მეგობრებს არა ფიზიკურად, არამედ ინტელექტუალურად. ეს გამოიხატება იმაში, რომ გუკა ამირხანაშვილი რომ ჩაისვეს ფაქტია, კარგად ექცევიან, ამშვიდებენ, აწყნარებენ გზაში. მოზარდებს რომ აქვთ დაზიანებები ამ საკითხთან დაკავშირებით ბრალეულობა არ მიგვიძღვის. დავიგვიანეთ მისვლა, იქ უკვე მომხდარი იყო ყველაფერი“, – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.