ადვოკატი - რობერტ ქოჩარიანი დაპატიმრების გადაწყვეტილებას მშვიდად შეხვდა
ადვოკატი - რობერტ ქოჩარიანი დაპატიმრების გადაწყვეტილებას მშვიდად შეხვდა

რობერტ ქოჩარიანი მშვიდად შეხვდა მისი დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა რუბენ სააკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

NEWS.am-ის ინფორმაციით, ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქოჩარიანი მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და დევნას უწოდებს.

საერთო იურისდიქციის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება 2008 წლის პირველ მარტს აქციის დარბევის საქმესთან დაკავშირებით გამოიტანა.

რობერტ ქოჩარიანი სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობას 1998 წლიდან 2008 წლის აპრილამდე იკავებდა. 2008 წლის პირველ მარტს საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებისას ათი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, პოლიციის ორი თანამშრომელი. სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს აღნიშნულ საქმეზე ბრალი 26 ივლისს წაუყენეს.