ადვოკატი – ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე დუმილის უფლებას იყენებს

14:52, 08.10.2021

22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე დუმილის უფლებას იყენებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, დალი ბარბაქაძემ რუსთავის ნომერ მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავებულის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ბარბაქაძის განცხადებით, დაკავებულს დღეს ბრალის დადგენილება ოფიციალურად გააცნეს.

„ძირითადად, პოზიციებზე გვქონდა შეთანხმება, ბრალის დადგენილება ოფიციალურად გავაცანით, ავუხსენით, რომ მას უფლება ჰქონდა, კანონით დადგენილი დუმილის უფლება გამოეყენებინა, ან ჩვენება მიეცა, რაზეც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. როცა გაეცნობა საქმის მასალებს, ჩამოვყალიბდებით, პოზიციას შევათანხმებთ და ჩვენების მისაცემად მზად არის. მოტივი რომ განემარტა, ეს უკვე ჩვენების მიცემა გამოვიდოდა. თავად არაფერს ამბობს, ჩემთანაც ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, მაგრამ საქმის მასალები მოითხოვა, ერთად გავეცნობით. ბრალდებულ პირთა წრე შეიძლება გაიზარდოს, გაფართოვდეს იმის მიხედვით, თუ რა მონაცემები, რა ინფორმაცია აქვს შსს-ს.

ჭელიძისგან ვიცი, რომ ის წავიდა, მაგრამ მალევე დააკავეს. რაც შეეხება სახლის მეპატრონესთან კავშირს, ამაზე ჩემთან არ ულაპარაკია და ვერ გეტყვით“, – განაცხადა ადვოკატმა.

საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულ გიორგი კავილაძეს ბრალის დადგენილება ოფიციალურად გააცნეს. მისი ადვოკატის, გიორგი ტურაზაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ამ ეტაპისთვის პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

მისი განმარტებით, ბრალდებულთან საქმის მასალების გაცნობის შემდეგ შესაძლოა, უფრო მეტი დეტალი გახდეს ცნობილი.

„რამდენიმე ნიმუშის აღების მცდელობაც იყო. ნებაყოფლობითობის გარკვევა იყო. ნიმუშის აღებისგან თავშეკავება მოხდა ამ ეტაპზე. მან ნაწილობრივ თავი შეიკავა პოზიციის გამოხატვაზე​ ჩვენებასთან და ბრალთან დაკავშირებით, რადგან საქმის მასალებს და გარემოებებს არ იცნობს“, – განაცხადა ადვოკატმა.

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ორი პირი გუშინ დააკავეს.

ნიკა კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს დაჭრეს. მიყენებული ჭრილობებისგან კვარაცხელია კლინიკაში გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს 20 სექტემბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ პირებს გამოძიება ამ დრომდე ეძებდა. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი