ადვოკატი – ნარკოტიკები საქმესთან არაფერ შუაშია, ირაკლი ნოზაძემ ბრალდებულისგან ისესხა ფული, რომელიც საღამომდე ვერ დააბრუნა და მიიღო აგრესია
ირაკლის პოზიცია ასეთია, რომ ამ საქმეში ნარკოტიკების თემა არაფერ შუაში არ არის, ამის გამო კონფლიქტი არ მომხდარა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის ადვოკატმა, ნიკა სადრაძემ ღუდუშაურის კლინიკაში ირაკლი ნოზაძის დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
როგორც სადრაძემ აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, როგორც დაზარალებულმა, დეტალურად აღწერა, როგორ, რა ვითარებაში და ვისი მხრიდან მიიღო დაზიანებები, რის გამოც საავადმყოფოში აღმოჩნდა.
„კონფლიქტი მოხდა ვალის გამო და შესაბამისად აქედან წარმოიშვა შელაპარაკება, რის შედეგადაც ირაკლიმ მიიღო დაზიანებები. ნარკოტიკების თემა, ირაკლი ნოზაძის სიტყვებით, აქ არაფერ შუაში არ არის, ეს არის ჭორი და, ალბათ, ამ საქმის მისტიკური სკანდალური მხარე.
ირაკლი სასწაულებრივად არის გადარჩენილი. მის მიმართ დანაშაულებრივი ქმედებაა განხორციელებული და ბრალდების მხარე ვალდებულია, დაადგინოს, საბოლოოდ, ვინ არის ამ ქმედებაში დამნაშავე. მე ბრალდებულის ნათქვამს ვერ შევაფასებ და ვერ გეტყვით, რაში დასჭირდა ერთის თქმა, რადგან მე მისი ადვოკატი არ ვარ“, – განაცხადა სადრაძემ.
რაც შეეხება საკითხს, იყო თუ არა გამოძიების მხრიდან დასმული კითხვა ნარკოტიკული საშუალებების შესახებ, ადვოკატის თქმით, მსგავსი კითხვა არ დასმულა.
„ნარკოტიკები ამ საქმესთან არაფერ შუაში არ არის. გამოძიებას აინტერესებდა, ვინ მიაყენა მას დაზიანებები, როდის მიიღო და ასე შემდეგ. კითხვა იყო ასე დასმული, რატომ მოხდა კონფლიქტი, პასუხი იყო ირაკლი ნოზაძისგან მარტივი, რომ კონფლიქტი მოხდა ვალის გამო და გამომძიებელმა ასე შეიყვანა ოქმში ინფორმაცია. დილით ისესხა ფულადი თანხა პირადი მოხმარებისთვის, არ ჰქონდა თანხა ირაკლის და სჭირდებოდა დღის განმავლობაში სამოძრაოდ. საღამოს უნდა დაებრუნებინა, დროულად ვერ მოახერხა და მიიღო აგრესია ბრალდებულისგან. ფაქტია, რომ იყო ვალის თემა“, – განაცხადა ნიკა სადრაძემ.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა 29 ივნისს შეუფარდა.
ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი ირაკლი ნოზაძე დიდუბეში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში 25 ივნისს დაჭრეს.
დაკავებულია ორი პირი – 1989 წელს დაბადებული თ.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო მისი მეგობარი – 1994 წელს დაბადებული ნ.თ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.