ადვოკატი - ნაირა ოტიაშვილი დაკავებულია ერთ-ერთი პიროვნების ჩვენების საფუძველზე
ადვოკატი - ნაირა ოტიაშვილი დაკავებულია ერთ-ერთი პიროვნების ჩვენების საფუძველზე

ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი დაკავებულია ერთ-ერთი პიროვნების ჩვენების საფუძველზე, რა საქმესთან დაკავშირებით არის დაკავებული, ამაზე მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს, – ამის შესახებ დიღმის სამმართველოში შესვლამდე ადვოკატმა, ანა ჟღენტმა განაცხადა, რომელიც დაკავებულ ნაირა ოტიაშვილის მოსანახულებლად ადვოკატ ალექსანდრე კობაიძესთან ერთად შევიდა.

მისი თქმით, ქვეყანაში ადვოკატის უფლებები დაუცველია, რაზეც ადვოკატთა კორპუსის მხრიდან იქნება რეაგირება.

დიღმის სამმართველოსთან კოლეგის მხარდასაჭერად და სოლიდარობის ნიშნად ადვოკატები არიან შეკრებილები.

„სანამ არ მოხდება ბრალის წარდგენა და კანონით გათვალისწინებული რეაგირება, რა თქმა უნდა, საქმის მასალებთან დაკავშირებით კომენტარს ვერც ერთი ვერ გავაკეთებთ. აქ შევიკრიბეთ იმის გამო, რომ ფაქტობრივად, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რაც ამყარებს და რის გამოც შესაძლებელია, ადამიანის და ამ შემთხვევაში ადვოკატის დაკავება. ფაქტობრივად გამოდის, რომ ადვოკატთა კორპუსზე არის პირდაპირი ზეწოლა, ზეწოლა იმისა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ჰაერზე მისცეს ჩვენება ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ ვართ აბსოლუტურად დაუცველები. ძალიან დიდი ხანია, ამის შესახებ განცხადების გაკეთება გვინდა. არც კანონმდებლობით, არც ფაქტობრივად ადვოკატის უფლება არაფერში არ არის დაცული. აუცილებლად გავაკეთებთ რეაგირებას. კანონმდებლობის მიხედვითაც, საქართველოში ადვოკატი ფაქტობრივად არის დაუცველი.

დაკავებულია ერთ-ერთი პიროვნების ჩვენების საფუძველზე. მაგაზე მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს რა საქმესთან დაკავშირებით არის დაკავებული. გვაქვს ინფორმაცია, რომ პიროვნება, ვინც ჩვენება მისცა, საქმეში ერთ-ერთი მოწმეა“, – განაცხადა ანა ჟღენტმა.

შსს-ს ინფორმაციით, ნაირა ოტიაშვილი 373-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე დააკავეს, რაც გულისხმობს ცრუ დასმენას, ანგარებით ან პირადი მოტივით.  ნაირა ოტიაშვილი თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ინტერესებს იცავდა.