ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეიწყალებს
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეიწყალებს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ფიქრობს, რომ დეკანოზის შეწყალება არ მოხდება.

მიხეილ რამიშვილის თქმით, გიორგი მამალაძის შეწყალება შესაძლოა, გარკვეულ პირთა ინტერესებს ეწინააღმდეგებოდეს.

„ციანიდის საქმეს“ თუ გადავავლებთ თვალს გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობიდან დაწყებული დღემდე, მიმაჩნია, რომ დეკანოზის შეწყალება არ მოხდება. ეს შეიძლება გარკვეული პირების ინტერესებს ეწინააღმდეგებოდეს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, სასწაული არ მოხდება. არ იქნება პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური ნება გამოხატული. თუ შეწყალების აქტი განხორციელდება, ეს ნამდვილად დამოუკიდებელი პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯი იქნება“ ,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც ე.წ. ციანიდის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო მიიღებს, ქართულ მართმსაჯულებაში ერთ-ერთი დიდი სირცხვილის ფურცელი იქნება.

„ჩვენმა მხარემ გააკეთა მაქსიმალური, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მართმსაჯულება არ არსებობს, გარდაცვლილია და ძალიან დიდ უსამართლობასთან გვაქვს საქმე, ეს ყველაფერი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აისახება, ჩვენ დეტალურად აღვწერეთ ყველა ის უკანონობა, რაც ამ საქმეშია. მე შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ის გადაწყვეტილება, რასაც ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მიიღებენ, ჩვენს მართმსაჯულებაში ერთ-ერთი დიდი სირცხვილის ფურცელი იქნება. ისეთივე შავი ლაქა, როგორც სანდრო გირგვლიანისა და სხვა საქმეების გადაწყვეტიელბები“ ,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

კითხვაზე, თუ პრეზიდენტი არ შეიწყალებს დეკანოზს, ეს გადაწყვეტილება საპატრიარქოს მიერ  როგორ იქნება აღქმული, მიხეილ რამიშვილმა ასე უპასუხა: „თუ გავითვალისწინებთ, რომ საპატრიარქოში მყოფი გარკვეული პირების ინტერესია, დეკანოზი არ იყოს თავისუფლებაში, პრეზიდენტის მიერ მისი არ შეწყალება, მათ ინტერესებთან წინააღმდეგობაში არ მოვა. მათი სურვილი და პოზიცია უფრო მყარი იქნება. ასე რომ, დეკანოზის არ შეწყალება ეკლესიის საწინაღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი არ იქნება. თვით საპატრიარქოში, წმინდა სინოდის წევრებიც კი არ იყვნენ დაინტერესებული მათ მიერ ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რა პოზიცია ექნებოდა პრეზიდენტს. ასე რომ, ეკლესიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად ამას ვერ ჩავთვლით. არ შეიძლება ამაზე დაიწყოს სპეკულაცია, რომ პრეზიდენტი ეკლესიას პატივს არ სცემს. არა, პირიქით, თუ დეკანოზს არ შეიწყალებს პრეზიდენტი, ეს იქნება საპატრიარქოში მყოფი ზოგიერთი პრის პატივისცემა“ ,- განაცხადა მიხელ რამიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოდან 2019 წლის 8 ნოემბერს მიიღო.