ადვოკატი მეგის ქარდავას მიმართ გამოტანილი ხუთი გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს
საქართველოში ექსტრადირებული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი 30 დღის ვადაში ქარდავას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გასაჩივრებას აპირებს. ამის შესახებ ადვოკატმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ადვოკატის ცნობით, მათ სწორედ 30-დღიანი ვადა აქვთ გასაჩივრებისთვის. ამ ვადის ათვლა კი ქარდავას დაკავებიდან, ანუ გუშინდელი დღიდან იწყება, როდესაც ის საქართველოში ჩამოიყვანეს.
„პირველივე სამუშაო დღეს, ორშაბათს შეგვეძლება მეგის ქარდავას მონახულება. სწორედ ამის შემდგომ გავარკვევთ მომავალ სტრატეგიას, პროცედურულად ერთი თვის ვადა გვაქვს ყველა იმ განაჩენის გასაჩივრებაზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენია.
ერთ-ერთი საქმე არის, სადაც მაქსიმალური სასჯელი არის უვადო თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება მის პოზიციას ყველა დანაშაულთან მიმართებაში, ის არ აღიარებს დანაშაულს. ის აცხადებდა, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა და ყველა ეს საქმე იყო გამოგონილი, შეთითხნილი“, – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ მეგის ქარდავას მიმართ საქართველოში არსებული სისხლის სამართლის 11 საქმიდან ხუთზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო სისხლის სამართლის ექვსი საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.
უკრაინის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა, მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ და 17 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ უკრაინიდან მისი საქართველოში ეტაპირება განხორციელდა.