ადვოკატი - მარიანა ჩოლოიანის პატიმრობაში დატოვება უსამართლო გადაწყვეტილებაა
ადვოკატი - მარიანა ჩოლოიანის პატიმრობაში დატოვება უსამართლო გადაწყვეტილებაა

მარიანა ჩოლოიანის პატიმრობაში დატოვება უსამართლო გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ გარდაცვლილი 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე, ჩვენების იძულებაში ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დარჩა. ადვოკატები მარიანა ჩოლოიანის 10-ათასლარიანი გირაოთი გათვალისუფლებას ითხოვდნენ.

რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ არ დაესწრო დღევანდელ წინასასამართლო სხდომას მარიანა ჩოლოიანი, ადვოკატის თქმით, ის შეუძლოდაა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

„კანონმდებლობით მარიანა ჩოლოიანის მიმართ დამატებითი შეზღუდვების გამოყენება შესაძლებელი იყო, თუმცა სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და ბრალდების მხარის დაუსაბუთებელი პოზიცია გაიზიარა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულმა შესაძლოა, ხელახალი დანაშაული ჩაიდინოს. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა. დაცვის მხარე გააგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას. ჩვენ არ უნდა ავყვეთ საზოგადოების ემოციებს. საჭიროა, სწორად შეფასდეს ის ბრალდება, რაც დაუსაბუთებლად წარდგენილი აქვს მარიანა ჩოლოიანს“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, დახურულ სხდომაზე სასამართლომ დაცვის მხარის მტკიცებულებები დასაშვებად სცნო. ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებს მარიანა ჩოლოიანის უდანაშულობას.

ამასთან, გაგი მოსიაშვილის თქმით, პროკურატურამ სხდომაზე ჩოლოიანის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი „დაინტერესებული პირის ჩვენება წარმოადგინა“, რომელიც გარდაცვლილის დედას ეკუთვნის.

საქმის პროკურორის განცხადებით, ჩოლოიანის პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობას რამდენიმე საფრთხიდან გამომდინარე არ დაეთანხმნენ.

„არსებობს საფრთხეები, რომლებმაც შესაძლოა, გამოძიებას ხელი შეუშალოს. მათ შორის, არსებობს ჩოლოიანის მხრიდან მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების (მათ შორის არასრულწლოვნებზე) და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე“, – განაცხადა საქმის პროკურორმა ლევან ქუთათელაძემ.

დღევანდელ სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის თარიღად 26 თებერვალი განისაზღვრა.