გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა 10-ათასლარიანი გირაოთი ჩოლოიანის გათავისუფლების შესახებ.

პროკურატურამ განაცხადა, რომ მოწმეებზე, მათ შორის არასრულწლოვნებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. ამ საფრთხეებიდან გამომდინარე, ბრალდების მხარე ჩოლოიანის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ჩოლოიანმა არასრულწლოვანთა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.