ადვოკატი მამუკა ნოზაძე - გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული წარსულში გამოძალვისთვის იყო ბრალდებული 
ადვოკატი მამუკა ნოზაძე - გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული წარსულში გამოძალვისთვის იყო ბრალდებული 

გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ი.ნ. წარსულში გამოძალვისთვის იყო ბრალდებული, – ამის შესახებ ადვოკატმა, მამუკა ნოზაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია 2004 წელს ადვოკატ იზო რაზმაძის 11 წლის დის შვილის გატაცებაზე. გატაცებული ბავშვი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. საქმეზე ი.ნ-ს ბრალად ედებოდა გამოძალვა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის დამნაშავედ გამოძალვის ბრალდებით ცნეს.

მამუკა ნოზაძის ინფორმაციით, გატაცებული ბავშვის ოჯახს ბრალდებული ფულს სძალავდა.

„2004 წელს ადვოკატ იზო რაზმაძის დის შვილი იყო გატაცებული. ამ საქმეში მას ყველა ადვოკატი ვედექით გვერდით. 11 წლის ბავშვი დღემდე ნაპოვნი არ არის. მაშინ ი.ნ. დააკავეს, ის ოჯახს დაუკავშირდა და ფულს სძალავდა. მეორე ბრალდებად ჰქონდა ადამიანის გატაცება, თუმცა არ დაუდასტურდა. გასამართლდა მხოლოდ გამოძალვისთვის. მაშინაც გატაცებული ბავშვის ოჯახში მუშაობდა ი.ნ.-ს მამა და მათ ავტოფარეხს უშენებდა. იქ ი.ნ.-ც ხშირად მიდიოდა და მუშის სტატუსით სარგებლობდა. ეს ფაქტი ვერ დადგინდა, დაუდასტურდა მხოლოდ გამოძალვის ფაქტი. ბავშვი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული, შესაბამისად, საქმე მკვლელობის მუხლითაც ვერ აღიძრა“, – განაცხადა ნოზაძემ.

გორში ცხრა წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ი.ნ. დღეს დააკავეს, ის წარსულში ნასამართლევია.

ცხრა წლის გოგონა გორში, მდინარე ლიახვის ნაპირზე  გუშინ საღამოს მოკლული იპოვეს.  ბავშვს ოჯახი გუშინ დღის მეორე ნახევრიდან ეძებდა.