ადვოკატი - „ლეოგრანდი“ ცეცხლმაქრების გაუმართაობისა და საევაკუაციო გეგმის უქონლობის გამო, რამდენიმე თვის წინ დაჯარიმდა
ადვოკატი - „ლეოგრანდი“ ცეცხლმაქრების გაუმართაობისა და საევაკუაციო გეგმის უქონლობის გამო, რამდენიმე თვის წინ დაჯარიმდა

სასტუმრო “ლეოგრანდი” ცეცხლმაქრების გაუმართაობისა და საევაკუაციო გეგმის უქონლობის გამო რამდენიმე თვის წინ დაჯარიმდა, – ამის შესახებ სასტუმრო “ლეოგრანდის” ადვოკატმა კახაბერ წერეთელმა განაცხადა.

მისი თქმით, სასტუმრო “ლეოგრანდში “უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.

“სასტუმროს მენეჯმენტი ელოდება ექსპერტიზის შედეგებს, გასაგებია საზოგადოების პოზიცია და მოლოდინები, მაგრამ ყველა კითხვას დეტალურად უპასუხებს ექსპერტიზა. სასტუმრო რამდენიმე თვის წინ დაჯარიმებული იყო 100 ლარით, ცეცხლმაქრების გაუმართაობასა და საევაკუაციო გეგმის უქონლობის გამო. კომპანია გეგმავს ფინანსური დახმარება გაუწიოს გარდაცვლილების ოჯახებს”, – განაცხადა კახაბერ წერეთელმა.

ამასთან, სასტუმროს მფლობელმა ეროლ ავგორენმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო და სასტუმრო ამ კუთხით დაჯარიმებული არ ყოფილა.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.

27 ნოემბერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.