„ტვ პირველის“ ოპერატორის ადვოკატი - ლაშა ჯიოშვილი 48 საათი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში დარჩება, დაკავების დროს რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია
„ტვ პირველის“ ოპერატორის ადვოკატი - ლაშა ჯიოშვილი 48 საათი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში დარჩება, დაკავების დროს რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა.

როგორც ადვოკატმა იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავების დროს ოპერატორზე რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

მისივე თქმით, ლაშა ჯიოშვილს კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას უკანონოდ ედავებიან.

„შევხდით ლაშას. საბედნიეროდ, ჩვენი მოლოდინები არ გამართლდა და რაიმე სახის ძალადობას, არც არაადამიანურ მოპყრობას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია დაკავების მომენტში. მანქანაში გადაყვანის დროს აქვს მხოლოდ სისხლჩაქცევა მიღებული მარცხენა მხარეს, მთელი გზის განმავლობაში ეკავა ერთ პიროვნებას მისი ხელი. სცადეს ასევე ტელეფონზე პაროლის მოხსნა და ტელეფონის ნახვა. სამწუხარო ფაქტია, რომ დაგვიმალეს, სად იყო რეალურად ეს ადამიანი.  პირველივე წუთებიდან გადაყვანილი იყო მუხიანის სამმართველოში, სადაც მეც დავრეკე და დამიდასტურეს, რომ არც მუხიანის მთავარ სამმართველოში და არც მეორე სამმართველოში არ იყო, როდესაც რეალურად იქ იყო და თავისი ყურით ისმენდა ამ ინფორმაციას. დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ხალხმა, ტელევიზიამ და ყურადღებამ გადაარჩინა ადამიანი, რომ არ გახდა ძალადობის კიდევ ერთ-ერთი მსხვერპლი.

უკანონოდ ედავებიან კანონიერ მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, რაც, რა თქმა უნდა, არის აბსურდი. არანაირ კანონიერ მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია, მეტიც, პირველივე წამიდან, როდესაც ლაშამ დაინახა სამართალდამცავები, მათი მისამართით წავიდა, რადგან იქ ვინც იყო, ისინი ეგონა ე.წ. ტიტუშკები, რომლებიც სინამდვილეში აღმოჩნდნენ სამართალდამცავები, იმ მიზნით, რომ სამართალდამცავები დაეხმარებოდნენ. პირიქით აღმოჩნდა, რეალურად სამარლდამცველებმა დააკავეს უკანონოდ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ვიდრე აიყვანეს სამმართველოში, მანამდე შეუძლებელი უყო დადგენა, დაკავებული ჰყავდა პოლიციას თუ უბრალოდ ვინმემ აღუკვეთა მას თავისუფლება. არგუმენტი ის იყო, რომ მას ჰქონდა ე.წ. სანათი პოლიციის ფერებში, რაც, ყველამ ვიცით, 250 თუ 300 ლარი ღირს და ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, დააყენოს მანქანაზე. დაველოდებით პროცესს. სავარაუდოდ, 48 საათის განმავლობაში იზოლატორში დარჩება და პროცესზე უკვე ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

„ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათი ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიიდან ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს. ხოლო შსს-ში განაცხადეს, რომ ჯიოშვილი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.