ადვოკატი - ლაშა ჩხარტიშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებიან
ადვოკატი - ლაშა ჩხარტიშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებიან

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის ადვოკატი ია სირანაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის ჩანიშვნას ელოდება.

მისი ინფორმაციით, ლაშა ჩხარტიშვილს, რომელიც დღეს პარლამენტის წინ აქციაზე დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედავებიან.

„დავრეკე საპატრულოში, დღესაც დამიმალეს და ლაშას ადგილსამყოფელი არ მითხრეს. შემდეგ გაირკვა, რომ იყო ვარკეთილის პოლიციაში, უნდა გადმოეყვანათ ამ შენობაში. მანამდე კი, მომატყუეს, რომ გადმოყვანილი იყო. ერთ საათის განმავლობაში გადმოყვანილი კი არა, ვარკეთილის პოლიციაში იმყოფებოდა. ჯერ საქმის მასალები არ მაქვს, უნდა მოვითხოვო შუამდგომლობით გადმოცემა, რადგან არც ის ვიცი, რას ედავებიან. ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედავებიან სავარაუდოდ. მოვითხოვთ, საქმის მასალები გაგვაცნონ, ალბათ ისევ პოლიტიკური დავა იქნება, როგორც წინა პროცესებზე“, – განაცხადა ადვოკატმა.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე დღეს „შეცვალეს“ წევრებს, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრ ლაშა ჩხარტიშვილსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ არსებულ ატრაქციონთან მიახლოებას და იქ 20 ივნისის აქციის ამსახველი ფოტოების დადებას აპირებდნენ, თუმცა ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა, რასაც მცირედი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ინციდენტის დროს პოლიციამ ლაშა ჩხარტიშვილი დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი