ადვოკატი - ხაზარაძემ და ჯაფარიძემ 2007-2008 წლებში 80 მლნ დოლარი ბანკის კაპიტალის გასაზრდელად მოიზიდეს, მათ შორის 17 მლნ დოლარის სესხი „სამგორიდან“
ადვოკატი - ხაზარაძემ და ჯაფარიძემ 2007-2008 წლებში 80 მლნ დოლარი ბანკის კაპიტალის გასაზრდელად მოიზიდეს, მათ შორის 17 მლნ დოლარის სესხი „სამგორიდან“

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2007-2008 წლებში კრედიტორებისგან თანხები ბანკის კაპიტალის გასაზრდელად ისესხეს,  – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე წერს, რომელიც აღნიშნავს რომ საჭიროდ მიიჩნევს, გარკვეული განმარტებები გააკეთოს.

მისი ინფორმაციით, ამ პერიოდში ჯამში მოზიდული იქნა დაახლოებით 80 მილიონი აშშ დოლარი სხვადასხვა კერძო პირისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან, მათ შორის ამერიკული, ბრიტანული, ჰოლანდიური ფონდებისგან. ამავე თანხაში შედიოდა კომპანია „სამგორიდან“ აღებული 17 მილიონი დოლარი, რომელშიც საუბარი იყო პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„აღნიშნული თანხები მოხმარდა ბანკის საჭიროებებს, მათ შორის ბანკის კაპიტალის გაზრდას. არც ერთი თეთრი არ გამოყენებულა სხვა მიზნებისათვის, რაც თეორიულადაც კი გამორიცხავს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ნიშნებს“, – წერს ზვიად კორძაძე.

ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ფული რომ გათეთრდეს, ის უნდა იყოს შავი, ანუ შემოსავალი უნდა იყოს უკანონო, რათა მიეცეს კანონიერი სახე.

ვციტირებთ შესაბამის მუხლს: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის ან/და სხვა პირისთვის პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა“, – წერს კორძაძე.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული ტრანზაქციების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიწოდებული აქვს, როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე პროკურატურას.

ასევე, ადვოკატის თქმით, სასამართლოში დაკითხვის დროს, როგორც მამუკა ხაზარაძემ, ასევე ბადრი ჯაფარიძემ ამომწურავად უპასუხა გამოძიების ყველა კითხვას.

„ვფიქრობ, ეს განმარტებები საკმარისია, რომ პასუხი გაეცეს ფულის გათეთრებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას და შეწყდეს ამ ტერმინების გამოყენება“, – აცხადებს ზვიად კორძაძე და აღნიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზად არიან, პასუხი გასცენ აღნიშნულ ტრანზაქციებთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას.

პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M“-მა, „თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც „თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, „თიბისი ბანკმა“, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას.