ადვოკატი ჯუბა ქათამაძე - მზია ამაღლობელი სამართლიან გადაწყვეტილებას არ ელოდა, ამბობს, რომ შიმშილობს ყველა პოლიტიკური პატიმრის გამო და უნდა, ბოლომდე იბრძოლოს
მზია ამაღლობელი სამართლიან გადაწყვეტილებას არ ელოდა, ამბობს, რომ შიმშილობს ყველა პოლიტიკური პატიმრის გამო და უნდა, ბოლომდე იბრძოლოს, – ამის შესახებ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, მზია ამაღლობელთან მიმართებით არსებობს პოლიტიკური მიზანი და სახელმწიფოს მხრიდან დასჯის სურვილი.
„მზია ამაღლობელი არ ელოდა სამართლიან გადაწყვეტილებას, არ გაჰკვირვებია. 34 დღეა გასული შიმშილობიდან, რა თქმა უნდა, შესუსტებული და გამხდარია, მაგრამ დღესაც გვთხოვდა, რომ მის ჯანმრთელობაზე ნაკლები ვისაუბროთ. მას არ სჭირდება შეცოდება ან წახალისება შიმშილობის გამო. როგორც თავად ამაღლობელი ამბობს, შიმშილობს არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ყველა სხვა პოლიტიკური პატიმრის გამო. მას უნდა, იბრძოლოს ბოლომდე იმ ხერხებით, რითიც შეუძლია, საპატიმროდან თუ კლინიკიდან.
ფაქტობრივად, მზია ამაღლობელთან ერთად გავიგეთ, რომ ბათუმის სასამართლომ ჩვენი შეტანილი განცხადება პატიმრობის გაუქმების შესახებ დაუშვებლად ცნო. პატიმრობის არცერთი რეალური არგუმენტი და გარემოება არ არსებობს. ერთადერთი გარემოება, რომელზეც ბათუმის საქალაქო სასამართლო საუბრობდა, ადმინისტრაციული პატიმრობაა. თუმცა ესეც არ არსებობს, რადგან შსს-ს არ მიაქვს ეს საქმე სასამართლოში, რათა გაირკვეს, არის თუ არა ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი“, – განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.
ქათამაძემ აღნიშნა, რომ საქმეში ახალი გარემოება მზია ამაღლობელის დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
„ჩვენგან წარდგენილი იყო ახალი გარემოებები, მათ შორის მტკიცებულებით ნაწილში, მზია ამაღლობელის დიაგნოზი, რაც შეიცვალა სასამართლოს შემდეგ. თუმცა კვლავ პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღეთ, გამოიყენება კვლავ პატიმრობა რეპრესიული მიზნებისთვის, რომ დაისაჯოს ამაღლობელი. სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ახალი არსებითი გარემოება უნდა არსებობდეს, რომ აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა შეიცვალოს. რეალურად, არც პირველ შემთხვევაში არ არსებობდა პატიმრობის საფუძველი, თუმცა მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმე არ განიხილეს, რადგან იციან, დაცვის მხარეს უტყუარი მტკიცებულება აქვს. ახალი გარემოებაა, რომ დამძიმებულია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არსებობს დიაგნოზები. საქმეს დაემატა მტკიცებულებები, რომელიც მხოლოდ პოლიციელის ჩვენებაა და მათზე ზეგავლენის მოხდენა ამაღლობელის მხრიდან შეუძლებელია. არსებობს მხოლოდ პოლიტიკური მიზანი და დასჯის სურვილი სახელმწიფოს მხრიდან“, – აღნიშნა ქათამაძემ.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელის ადვოკატის, გიორგი ხიმშიაშვილის ცნობით, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო.