ადვოკატი - იულია სუსლიაკის საქმის მასალებში წერია, რომ მან 11 ბავშვი იყიდა, თუმცა ამის არანაირი მტკიცებულება ბრალდებას არ აქვს
ადვოკატი - იულია სუსლიაკის საქმის მასალებში წერია, რომ მან 11 ბავშვი იყიდა, თუმცა ამის არანაირი მტკიცებულება ბრალდებას არ აქვს

ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკის საქმის მასალებში წერია, რომ უკრაინელმა ქალმა 11 ბავშვი იყიდა, მათ შორის ერთი ამერიკაში, თუმცა ამის არანაირი მტკიცებულება ბრალდებას არ აქვს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ, იულია სუსლიაკის ადვოკატმა განაცხადა, რომელსაც საქმის მასალები დღეს გადასცეს.

ადვოკატის თქმით, თავის მხრივ, მანაც გადასცა გამოძიებას დოკუმენტები, რომლის მიხედვით, 10 ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია, ნაწილი მათგანი კი – სუროგაციის მეშვეობით დაიბადა.

ამასთან, ადვოკატის განცხადებით, ყველაზე პატარა – 7 თვის ბავშვი დაბადებულია ამერიკაში სუსლიაკის ბიოლოგიური მშობიარობით და ამის დამადასტურებელი დოკუმენტები მან ასევე გადასცა გამოძიებას.

რაც შეეხება მე-11 ბავშვს, რომელიც რუსეთში გარდაიცვალა, ადვოკატის თქმით, მას აქვს რუსეთში ჩატარებული გამოძიების შედეგები, სადაც წერია, რომ ბავშვი უბედური შემთხვევის შედეგად აბაზანაში დაიხრჩო.

რაც შეეხება ორგანოებით ვაჭრობის ალბათობას, ადვოკატი ამბობს, რომ ამაზე არც ქართულ გამოძიებას და არც რუსეთს არაფერი უთქვამთ.

ზურაბ თოდუას თქმით, ამასთან იულია სუსლიაკის მეუღლე იური სუსლიაკი, რომელიც აფხაზეთში იმყოფება, მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ჩააბაროს ბიოლოგიური მასალა, თუმცა გარანტია უნდა მისცენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემდეგ არ დააკავებენ.

ადვოკატის განცხადებით, 10 ბავშვიდან ექვსი სუროგატი დედების მეშვეობით დაიბადნენ და მათი ბიოლოგიური მამა იური სუსლიაკია, ხოლო ხოლო ბავშვის ბიოლოგიური მშობლები არიან იულია და იური სუსლიაკები.

ზურაბ თოდუას თქმით, საქართველოში დაკავებულ ქალს და 10 ბავშვს ბიოლოგიური კავშირის დადგენის მიზნით, მასალა უკვე აუღეს, თუმცა გამოძიებას ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ აქვს საქმის მასალებში.

დღეს გადაცემულ საქმის მასალებს ადვოკატი პოლიციის მთავარ სამმართველოში მოთავსებულ იულია სუსლიაკს გააცნობს, რის შემდეგაც ადვოკატი ვარაუდობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში უკრაინელი ქალის აღკვეთის ღონისძიებაზე დღესვე იმსჯელებენ.

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს.

დაკავებულის ადვოკატ ზურაბ თოდუას განცხადებით, უკრაინელი ქალი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოყვანილი 10 შვილის დედაა, ტრეფიკინგის ბრალს არ აღიარებს. მისი ინფორმაციით, იულია სუსლიაკი აფხაზეთში მყოფ მეუღლესთან, ბიზნესმენ იური სუსლიაკთან მიდიოდა. ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს იური სუსლიაკმა განუცხადა, ბავშვები, რომელიც მისმა მეუღლემ საქართველოში ჩამოიყვანა, კანონის სრული დაცვით, უკრაინაში სუროგაციის გზით გაჩნდნენ და ამის ყველა დოკუმენტი არსებობს. ის მიიჩნევს, რომ შესაბამის უწყებებში ამის შესახებ დასტურის მისვლისთანავე საქმე დაიხურება.

რაც შეეხება ბავშვების მოწამვლას, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უკრაინის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი 20 აპრილს შეიყვანეს. საავადმყოფოს ექიმის, მზია გერგედავას განცხადებით, ათივე მათგანს კვებითი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბავშვების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ორი მცირეწლოვანი, შესაბამისი მეთვალყურეობით, ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო რვა ბავშვი განთავსებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის დაწესებულებებში – მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებაში და ჩვილ ბავშვთა სახლში.