ადვოკატი - ძებნილი არასრულწლოვანი გამოძიებას უახლოეს საათებში ჩაბარდება
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ძებნილი ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, არასრულწლოვანი სამართალდამცველებს უახლოეს საათებში ჩაბარდება. ამის შესახებ ტარიელ კაკაბაძემ პირველ არხთან საუბარში განაცხადა.
მისივე ცნობით, არასრულწლოვნის ოჯახისთვის მოსწავლის ადგილსამყოფელი ცნობილია.
ტარიელ კაკაბაძე ბრალდებულს იურიდიულ დახმარებას ოჯახის თხოვნით უწევს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვნებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი არასრულწლოვანი დაკავებულია, ხოლო მეორეს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.
შემთხვევა თბილისში, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს მოხდა. არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ დღეს კიდევ სამი პირი დააკავა.