ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები და ნათელი მოჰფინოს ყველა ბუნდოვანებას
ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები და ნათელი მოჰფინოს ყველა ბუნდოვანებას

გლდანის პოლიციის განყოფილებაში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც ერთ-ერთი მოწმის ადვოკატმა, არჩილ ბერიანიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.

​„დღეს ჩვენი საგამოძიებო ორგანოში ყოფნის მიზანი იყო ის, რომ პასუხი გაგვეცა გამოძიების კითხვებისთვის და დაგვეკმაყოფილებინა მათი უშუალო და პირდაპირი ინტერესი მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. უშუალოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები და ნათელი მოჰფინოს ყველა ბუნდოვანებას. ჩვენი გეგმები გამოძიებასთან თანამშრომლობასთან მიმართებაში გახლავთ შემდეგი: როგორც წინარე შემთხვევებში, მომავალშიც მზად ვართ, ნებისმიერ დროს მჭიდროდ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან“,- განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, როგორც ცნობილია, გლდანის პოლიციის განყოფილებაში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის მოწმე გური ამირხანაშვილიც იმყოფება. სავარაუდოდ, მან უნდა ამოიცნოს ის მორაგბეები, რომლებიც 19 ივნისს მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.