ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი - ეს სადისტური ჭრილობები მისი მიყენებული არ არის
ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი - ეს სადისტური ჭრილობები მისი მიყენებული არ არის

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, გ.ჯ-ს ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს, რომ დანა გამოიყენა, თუმცა გარდაცვლილებისთვის ჭრილობები მას არ მიუყენებია.

„ვაპირებთ, დადგინდეს ჭეშმარიტება და ადამიანი დაისაჯოს იმ ქმედების გამო, რაც მან ჩაიდინა და არ მინდა შეახოცონ ხელი იმ დანაშაულზე, რაც არ ჩაუდენია. ბრალდებულს 109-ე მუხლით აქვს ბრალი წაყენებული. ის აპირებს, უახლოეს დღეებში მისცეს ჩვენება, ასევე სასამართლოსაც მისცეს ჩვენება. როცა დავკითხავთ მოწმეებს, დადასტურდება, რომ ეს სადისტური ჭრილობები მისი მიყენებული არ არის, თუმცა ის აღიარებს, რომ დანა გამოიყენა. ის ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ. მთავარია, რა მოხდა და ამასთან დაკავშირებით. მალე გავიმყარებ შინაგან რწმენას. ის პასუხს აგებს, მაგრამ საზოგადოება იმსახურებს, სიმართლე დადგინდეს. მშობლების პოზიცია იყო, რომ ის ჩაბარებულიყო. ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გვრჩება. ყველაფერს გვაკეთებთ ჭეშმარიტებისთვის. კონფლიქტში ხუთზე მეტი პირი მონაწილეობდა“, – აცხადებს ტარიელ კაკაბაძე.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი არასრულწლოვანი გ.ჯ. სამართალდამცველებს ცოტა ხნის წინ ჩაბარდა.

გ.ჯ.-ს ბრალი განზრახ მკვლელობისთვის დაუსწრებლად გუშინ წაუყენეს.

ამასთან, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მას და კიდევ ერთ ბრალდებულ გ.ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის პროკურატურამ თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი – გ.ბ და გ.ჯ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.

შემთხვევა თბილისში, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს მოხდა. არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ დღეს კიდევ სამი პირი დააკავა.