ადვოკატი - ანა გაბეჩავამ თავიდან ვერ გაიაზრა პრობლემის არსი, რა შედეგი შეიძლება დამდგარიყო
ადვოკატი - ანა გაბეჩავამ თავიდან ვერ გაიაზრა პრობლემის არსი, რა შედეგი შეიძლება დამდგარიყო

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე ანა გაბეჩავა შინაგან საქმეთა სამინისტროში ოთხი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ადვოკატ თათია მანიჟაშვილის თქმით, საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერები დაათვალიერეს და უწყების წარმომადგენლების მხრიდან რაიმე დამატებითი კითხვები არ დასმულა.

ადვოკატი მედიაში გავრცელებულ მიმოწერასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გაბეჩავა მომხდარი შემთხვევიდან მეორე დღეს, დილის საათებში, საკუთარი ძალებით ცდილობდა, გაერკვია, სად იყო გიორგი შაქარაშვილი.

„რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის კუთვნილი სოციალური ქსელებიდან ამოღებულ მესიჯებს, აღნიშნული მიმოწერა გაბეჩავამ განახორციელა მეორე დღეს, დილის საათებში, როდესაც მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ. მან თავიდან ვერ გაიაზრა, თუ რა პრობლემასთან ჰქონდა საქმე და რა შედეგი შეიძლება, დამდგარიყო. მან უბრალოდ იცოდა ჩხუბის შესახებ და ცდილობდა თავისი ძალებით გაერკვია, თუ სად იყო გიორგი შაქარაშვილი“, –  განაცხადა ადვოკატმა თათია მანიჟაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ანა გაბეჩავა ერთ-ერთ არასრულწლოვანს დაკავებამდე პირად მიმოწერაში სთხოვდა ეთქვა, სად დატოვეს გიორგი შაქარაშვილი.

შეგახსენებთ, ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შედეგად 22 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე 17 პირია დაკავებული.

დატოვე კომენტარი