ადვოკატი აცხადებს, რომ ვიდეოჩანაწერების მიხედვით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საბადრაგო სამსახურის თანამშრომელს იარაღი ამოაცალა, ორჯერ უმისამართოდ გაისროლა და შემდეგ თავში ისროლა
ადვოკატი აცხადებს, რომ ვიდეოჩანაწერების მიხედვით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საბადრაგო სამსახურის თანამშრომელს იარაღი ამოაცალა, ორჯერ უმისამართოდ გაისროლა და შემდეგ თავში ისროლა

დაჭრილი პატიმრის, გურამ სვანიძის ადვოკატი ზურა როსტიაშვილი აცხადებს, რომ ვიდეოჩანაწერების მიხედვით, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურში გაეცნო, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საბადრაგო სამსახურის თანამშრომელს იარაღი ამოაცალა, დაახლოებით ორჯერ უმისამართოდ გაისროლა, შემდეგ კი, სხვა კამერაში შევიდა და თავში ისროლა.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ განუცხადა, მომხდარი საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების დაუდევრობაა.

„როგორც განმარტავენ, იქ მიდის ცვლის გადაბარება და გურამ სვანიძე კარებში დგას. იქ მოძრაობს საბადრაგო სამსახურის ოთხი-ხუთი თანამშრომელი, ერთ-ერთი მათგანი მივიდა, ფაქტობრივად, იარაღიანი გაუჩერდა ზურგით, დაახლოებით ერთ მეტრში. ამ დროს ფაქტობრივად, მისცა იარაღის ამოღების საშუალება. ამის შემდგომ იღებს ამ იარაღს და ეს თანამშრომელი გაიქცა. როდესაც „კაბურას“ ხსნიდა, თანამშრომელს შეეძლო, გურამი დაეჭირა, დაეშალა, არ მიეცა საშუალება, მაგრამ დაიბნა ეტყობა და გურამი შემდგომ გაიქცა. გურამმა დაახლოებით ორჯერ ისროლა, ვინმეზე თავდასხმას არ ცდილობდა, შემდეგ შევიდა ცალკე კამერაში, სადაც ესროლა თავის თავს. ტოვებდა თუ არა ფსიქიატრიულ სამსახურს, ჯერ დადგენილი არ არის. საქმე იმაშია, რომ სავარაუდოდ, აქ ფსიქიკურ დაავადებასთან გვაქვს საქმე. საბადრაგო სამსახურის მხრიდან დაუდევრობაა. მათი დაუდევრობა რომ არა, იარაღი არ ჩაუვარდებოდა ხელში და არ მოხდებოდა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დაჭრილი პატიმრის მდგომარეობა მძიმეა და მის ისრაელში გადაყვანას ითხოვენ.

მანამდე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ პატიმარ გ.ს.-ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, აღებული იქნა შემდგომი კვლევისათვის საჭირო ნიმუშები, მიმდინარეობს სამართალდამცავების გამოკითხვა, ასევე მოპოვებული იქნა გამოძიების მიერ ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.